ირის ანტმანი - გვსურს, საქართველოს ქალთა ნაკრები უკეთესი გუნდი გახდეს და თამაში გავაუმჯობესოთ #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დაწყებამდე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ირის ანტმანმა და გუნდის წევრებმა მოახლოებული მატჩებისთვის მზადებაზე კომენტარი გააკეთეს.
ირის ანტმანის გუნდი 5 აპრილს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ლიეტუვას უმასპინძლებს, ხოლო 9 აპრილს ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ირის ანტმანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „გოგონები მოტივირებულები არიან და იციან, რა შესაძლებლობა ეძლევათ. ვერ ვიტყვი, რომ წილისყრაში გაგვიმართლა. ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, ვიცით, რომ ლიეტუვის ნაკრები გაძლიერდა, რადგან ტრავმირებული მოთამაშეები დაუბრუნდნენ. ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა.
მოთამაშეებს ვუთხარი, რომ იმავე მეტოქესთან მეორე შანსი ხშირად არ გვეძლევა. გვახსოვს, რომ ლიეტუვასთან საკუთარ მოედანზე წავაგეთ. მტკივნეული მარცხი იყო, თუმცა ასევე გვახსოვს სტუმრად მოპოვებული ქულა და ჩვენი კარგი თამაში. ასე რომ, გვსურს გავაგრძელოთ განვითარება, გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი, ვისწავლოთ თითოეულ მატჩში და გავაუმჯობესოთ თამაში“.
გვანცა ქადაგიშვილი, ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი: „გუნდში კარგი გარემოა. ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს. მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგები მივიღოთ. ლიეტუვასთან გასვლაზე ფრე ვითამაშეთ, სახლში, სამწუხაროდ, დავმარცხდით და ახლა ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ“.
ნათია დანელია, ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი: „მთელ საქართველოს ვულოცავ იმ წარმატებს და სიხარულს, რასაც ევრო 2024-ზე თამაში ჰქვია. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფიდან გასვლას ვგეგმავთ. ლიეტუვას კარგად ვიცნობთ, რადგან წინა საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ მოგვიწია თამაში. ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მაყურებელი გავახაროთ. ლიეტუვასთან მატჩის შემდეგ შევისწავლით ბელარუსს და მათთანაც გამარჯვებაა ჩვენი მიზანი“.