ირის ანტმანი - ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ გულშემატკივრებთან ერთად სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია #1TVSPORT
ირის ანტმანი - ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ გულშემატკივრებთან ერთად სასურველი შედეგის მიღწევა შეგვიძლია #1TVSPORT

ბელარუსის ქალთა ეროვნულ ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა, მეკარე თათია გაბუნიამ და 16 წლის დებიუტანტმა, სოფი ხელაშვილმა, რომელიც აშშ-ში, „ოჰაიო პრემიერში“ თამაშობს.

ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას ჯგუფში მეორე პოზიციაზე ვხვდებით. გვაქვს შანსი, რომ ქულების მოპოვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სხვა ჯგუფის შედეგებზეც არის დამოკიდებული.

ბელარუსი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ საკუთარ კედლებში, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შეგვიძლია სასურველი შედეგის მიღწევა. თუ მოთამაშეები ტაქტიკურ დავალებებს კარგად შეასრულებენ, გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ“.

თათია გაბუნია (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „ეს სტადიონი ჩვენთვის თილისმად იქცა. ბელარუსთან წინა მატჩიდან გამომდინარე, მარტივი თამაში არ გველოდება. სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით, გადამწყვეტი თამაშია ჩვენთვის და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჯგუფიდან გავიდეთ.

მოსამზადებელი ეტაპით ძალიან კმაყოფილი ვარ. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს აკეთებს. თამაშის ბედს არა მხოლოდ მოედანზე მყოფი 11 მოთამაშე გადაწყვეტს, არამედ მთელი გუნდი და სტაფი“.

სოფი ხელაშვილი (ქალთა ნაკრების ფეხბურთელი): „ვფიქრობ, მოგების კარგი შანსი გვაქვს. მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვმუშაობდით ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით, რაც ძალიან საინტერესო იყო“.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი საქართველოს და ბელარუსის ქალთა ნაკრებებს შორის 12 ივლისს, 20:00 საათზე, „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.