ირინა მილორავა- ნეტო აღრიცხვის პროგრამა წლის ბოლომდე კორპუსის მცხოვრებლებზეც გავრცელდება
ირინა მილორავა- ნეტო აღრიცხვის პროგრამა წლის ბოლომდე კორპუსის მცხოვრებლებზეც გავრცელდება

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა აცხადებს, რომ ნეტო აღრიცხვის პროგრამის არეალი ფართოვდება და მასში ჩართვის საშუალება კორპუსების მცხოვრებლებსაც ექნებათ.

„ნეტო აღრიცხვის მეორე ფაზაზე აქტიურად ვმუშაობთ.გვინდა უფრო გავაფართოოთ მისი არეალი, ჩავრთოთ უკვე კორპუსები და მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სიკეთით, რასაც განახლებადი ენერგია ჰქვია. ამ ეტაპზე პროექტი უკვე არის შემუშავებული. უახლოეს მომავალში უკვე დავიწყებთ განხილვებს დაინტერესებულ პირებთან ერთად და წლის ბოლომდე აუცილებლად გვექნება ცვლილებები არსებულ ნორმატიულ დოკუმენტებში. ნეტო აღრიცხვასთან დაკავშირებით, მთავარი ცვლილება არის ის, რომ კორპუსის მცხოვრებლებსაც შეეძლებათ სარგებლობა იმ შესაძლებლობით, რითაც დღეს ინდივიდუალური მაცხოვრებლები სარგებლობენ”, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მიკრო ელექტროსადგურები აქვთ დამონტაჟებული, შესაძლებლობა აქვთ, გაყიდონ გამომუშავებული ჭარბი ენერგია, რომელსაც თავად არ მოიხმარენ.

მიკრო სადგურების მფლობელი ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო კერძო კომპანიები მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან.