„ირიაოს“ საჩუქარი ევროპელ მაყურებელს - ჯგუფმა სალვადორ სობრალის სიმღერის ახლებური ვერსია ჩაწერა

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური კონკურსის დაწყებამდე 10 დღეზე ნაკლები რჩება. „ევროვიზია 2018“-ისთვის მზადება თითქმის დასრულებულია.

ბენდი „ირიაო“ კონკურსზე დღეს გაემგზავრება, თუმცა მანამდე მაყურებლისთვის განსაკუთრებული სიურპრიზი მოამზადა.

ბენდმა „ევროვიზიის“ შარშანდელი გამარჯვებულის სალვადორ სობრალის სიმღერის Amar pelos dois-ის ახლებური ვერსია ჩაწერა. სიმღერის ახლებური არანჟირება ბენდის მუსიკალურ ხელმძღვანელს, დავით მალაზონიას ეკუთვნის.

„ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა საჩუქარი შეიძლება გაგვეკეთებინა პორტუგალიისთვის  და ბატონო დავითის იდეა იყო, რომ ის სიმღერა, რომელმაც შარშან „ევროვიზიაზე“ გაიმარჯვა, ჩვენებურად გვემღერა. სიმღერაზე გადაღებულ კლიპს მეგობარ პორტუგალიას გავუგზავნით“,- განუცხადა პირველ არხს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, გიგა აბაშიძემ.

კლიპის რეჟისორის ზაზა ორაშვილის აზრით, ეს ძალიან კარგი შანსია, ევროპელმა მაყურებელმა ბენდი „ირიაო“ უფრო კარგად გაიცნოს.