„ირიაომ“ პრესკონფერენციაზე წამყვანის თხოვნით კომპოზიცია Take Five შეასრულა [ვიდეო]

ევროვიზია 2018-ის ქართველმა მონაწილეებმა, ჯგუფ „ირიაოს“ წევრებმა „ალტის არენაზე“ პირველი რეპეტიციის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

პრესკონფერენციის დასრულებისას კი, წამყვანის თხოვნით კომპოზიცია Take Five შეასრულეს, რომელმაც დარბაზში მყოფი ადამიანების დიდი მოწონება დაიმსახურა.

პირველმა არხმა პრესკონფერენციის დასრულებისთანავე ჩაწერა ჯგუფის წევრის ბუბა მურღულიას, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ნათია მშვენიერაძის, საკონკურსო ნომრის რეჟისორის ზაზა ორაშვილისა და ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით მალაზონიას პირველი სატელეფონო კომენტარები. ქართული დელეგაციის წევრებმა რეპეტიციის შესახებ ისაუბრეს.

როგორც დავით მალაზონიამ პირველ არხთან განაცხადა, ლისაბონში, „ალტის არენას“ სცენაზე პირველი რეპეტიცია ძალიან წარმატებული იყო.

„კომფორტი არის სიტყვა, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება, რაც დღეს ჩვენ შევიგრძენით. ძალიან კარგი მომსახურეობა და გულთბილი მხარდაჭერაა მასპინძლებისგან, რამაც საშუალება მისცა ბიჭებს, მთლიანად გახსნილიყვნენ და უკვე სხვანაირი ხარისხით წამოვიდა ეს სიმღერა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან წარმატებული იყო პირველი რეპეტიცია. გვქონდა საშუალება, გვენახა ვიდეო და ჩვენი შენიშვნებიც გავუზიარეთ. საქმიანი და გულთბილი ატმოსფერო იყო“, – განაცხადა დავით მალაზონიამ.

„ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მაყურებელი და ჟიური მათ შორის საუკეთესო ათეულს შეარჩევს, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.

ქართველი კონკურსანტები რეპეტიციას 5 მაისსაც გაივლიან. 10 მაისს კი „ირიაო“ მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს.

წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს.

დატოვე კომენტარი