IRI-ის მიერ გამოკითხულთა 83 პროცენტი საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, 77 პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებას
IRI-ის მიერ გამოკითხულთა 83 პროცენტი საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, 77 პროცენტი ნატო-ში გაწევრიანებას

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, გამოკითხულთა 68% სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, 15% ნაწილობრივ უჭერს მხარს. ჯამურად, ევროკავშირთან დაახლოება მისაღებია 83 პროცენტისთვის. ნაწილობრივ არ უჭერს მხარს 4%, კატეგორიულად არ უჭერს მხარს 7%. ანუ ჯამურად, გამოკითხულთა მხოლოდ 11%-ია ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი. პასუხი არ აქვს ან უარი თქვა პასუხზე 6%-მა.

ამასთან, გამოკითხულებს შეკითხვა დაუსვეს, უჭერენ თუ არა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. შეკითხვაზე დადებითი პასუხი ჯამურად გასცა გამოკითხულთა 77%-მა, (სრულად მხარს უჭერს – 61% და ნაწილობრივ – 16%); უარყოფითი პასუხი აქვს 17%, ნატო-ში გაწევრიანებას ნაწილობრივ არ ეთანხმება 6%, კატეგორიულად არ ეთანხმება 11%, პასუხი არ აქვს ან უარი თქვა პასუხზე 6%-მა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.