IRI-ის კვლევით, გამოკითხულთა მოწონების მიხედვით, პირველ სამეულში ილია მეორე, კახა კალაძე და გიორგი გახარია არიან
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, გამოკითხულთა მოწონების მიხედვით, პირველ სამეულში ილია მეორე, კახა კალაძე და გიორგი გახარია არიან.
პატრიარქი ილია მეორე გამოკითხულთა 88%-ს ძალიან მოსწონს, 7%-ს არ მოსწონს, 1%-ს არასდროს სმენია მის შესახებ, 5%-ს პასუხი არ აქვს.
დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 58%-ს, 37%-ს არ მოსწონს, 1%-ს არ სმენია მის შესახებ, 4%-ს კი, შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 56%-ს, არ მოსწონს 39%-ს.
მეოთხე ადგილს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც ძალიან მოსწონს გამოკითხულთა 40%-ს და არ მოსწონს 54%-ს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია რეიტინგში მეხუთე ადგილზეა. გამოკითხულთა 39%-ს ის ძალიან მოსწონს, 54%-ს კი, არა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს, დავით უსუფაშვილისა და ანა დოლიძის შემდეგ. პრეზიდენტი მოსწონს გამოკითხულთა 31%, არ მოსწონს 65%-ს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.