IRI-ის კვლევა - გამოკითხულთა 75 პროცენტს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, გამოკითხულთა 75% 2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასა და ხმის მიცემას აპირებს.
ამასთან, გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ სავარაუდოდ ისარგებლებს საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. 3% სავარაუდოდ არ წავა არჩევნებზე, 6%-ს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ არ მივა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს, მხოლოდ 2%-ია გამოკითხულებიდან, ვისაც პასუხი არ აქვს ან არ იცის.
ვისაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვს არჩევნების მიმართ და სავარაუდოდ არ აპირებს მონაწილეობას არჩევნებში, ამის მიზეზად ასახელებს, რომ არ ენდობა საარჩევნო პროცესს, არჩევნები მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, არც ერთი პარტია ან კანდიდატი იმსახურებს მის მხარდაჭერას.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) ინფორმაციით, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.