რატი ბრეგაძე - არ მითქვამს, რომ გაუქმებულია კონსილიუმი, კონსილიუმის მოწვევა საჭირო თუ იქნება, ჩვენ მათ მივმართავთ თხოვნით, რათა დამატებითი რეკომენდაციები მივიღოთ
რატი ბრეგაძე - არ მითქვამს, რომ გაუქმებულია კონსილიუმი, კონსილიუმის მოწვევა საჭირო თუ იქნება, ჩვენ მათ მივმართავთ თხოვნით, რათა დამატებითი რეკომენდაციები მივიღოთ

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მასზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ზრუნავს.

მისივე თქმით, თუ გახდება საჭირო, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

აღნიშნულით ბრეგაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ უშვებენ კონსილიუმს დაწესებულებაში, რათა პირადად შეამოწმონ, რა პირობებშია სააკაშვილი და შეიძლება თუ არა მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა.

„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, როდესაც მივმართეთ ჯანდაცვის სამინიტროს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა მე-12 დაწესებულებაში. მე-12 დაწესებულება არ არის სამკურნალო დაწესებულება, არამედ არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც სააკაშვილი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, არის ექიმების უფრო მჭდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა. როდესაც დადგება საჭიროება იმისა, რომ მოწვეული იყოს კონსილიუმი, რათა დამატებით მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საკითხზე საუბრისას, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ასევე აღნიშნა, რომ კონსილიუმი გაუქმებული არ არის და საჭიროა, რომ ყველამ ფაქტებით ისაუბროს და არა შთაბეჭდილებებით.

„მე არ მითქვამს, რომ გაუქმებულია კონსილიუმი, ეს თქვენი შეფასებაა. მოდით, შთაბეჭდილებებით ნუ ვისაუბრებთ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ფაქტებით, ერთხელ და სამუდამოდ ამას უნდა მივეჩვიოთ, რომ შთაბეჭდილებებით არ უნდა ვისაუბროთ. მით უმეტეს, როდესაც საკითხი ეხება ჯანმრთელობას და ამაზე ბუნებრივია, უნდა ისაუბრონ პროფესიონალებმა. მე-12 დაწესებულება არ იყო სამკურნალო დაწესებულება, შესაბამისად, საჭირო იყო დამატებითი მოსაზრებების მოძიება. მრავალგზის გადავუხადეთ მადლობა კონსილიუმის წევრებს იმ ღირებული რჩევებისთვის, რომლებიც მათ მოგვცეს. ამ შემთხვევაში, თუ იქნება საჭირო დამატებით, ბუნებრივია, ჩვენ მათ მივმართავთ თხოვნით და მოვიწვევთ, რათა მათგან დამატებითი რეკომენდაციები მივიღოთ“, – აღნიშნა ბრეგაძემ.