ირანული მედიის ინფორმაციით, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს
ირანული მედიის ინფორმაციით, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ირანული მედიის ინფორმაციით, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროებმა ამერიკული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი (არქიუ-4 გლობალ ჰოუქ) ჩამოაგდეს.

ირანის არმიაში აცხადებენ, რომ ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანის საჰაერო სივრცე დაარღვია და სამხრეთ სანაპირო ჰორმუზგანის პროვინციაში შევიდა. აღნიშნული ტერიტორია ორმუზის სრუტის მახლობლად მდებარეობს. თეირანში ამბობენ, რომ მზვერავი თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ირანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა გამოეხმაურა და ირანის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის ყოფნა და ჩამოგდება არ დაადასტურა.

„არქიუ-4 გლობალ ჰოუქ“-ს დიდ სიმაღლეზე ფრენა 30 საათის განმავლობაში შეუძლია და ნებისმიერ ამინდში დიდ ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო მასალას აგროვებს.