ირანის პოლიციამ თეირანში, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან გამართული ანტისამთავრობო აქცია დაშალა, – აღნიშნულ ინფორმაციას „ფრანს 24“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის დედაქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის მთავრობამ „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის „შეცდომით ჩამოგდება“ აღიარა.
თეირანის ქუჩებში გამოსულები გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გადადგომასაც მოითხოვდნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გარდაცვლილი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ფოტოებიც დახიეს.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციაში 700-დან 1 000-მდე პირი მონაწილეობდა, მათი უმრავლესობა კი სტუდენტი იყო.