ირანული მედიის ცნობით, ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ოფიციალური წარდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება

02:14, 13.09.2026

ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესახებ შეთანხმება მიღწეულია და მისი ოფიციალური წარდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, შეთანხმება მხოლოდ ირანსა და ომანს შორის არის გაფორმებული, ამ შეთანხმების დეტალები, მათ შორის, ახალი საზღვაო მარშრუტებისა და ტრანზიტის წესები, ომანში სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

როგორც მედია წერს, ირანსა და ომანს შორის მიღწეული შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში ახალი შესასვლელი და გასასვლელი მარშრუტების შექმნას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც ასევე ირანის წყლებში იქნება. ამ მარშრუტებზე გადაადგილება კი ირანის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება.

ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომლის გახსნასაც აშშ მოითხოვდა. სწორედ ამ საკითხს განიხილავდნენ ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.

ირანული სააგენტოს წყარო ხაზს უსვამს, რომ ირანსა და ომანს შორის მიღწეული შეთანხმება ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას არ ნიშნავს. ამავე წყაროს ცნობით, ჰორმუზის სრუტის საბოლოოდ გახსნა დამოკიდებული იქნება აშშ-ის ქმედებებზე, შეასრულებს თუ არა ვაშინგტონი ირანის მიერ წამოყენებულ შვიდ პირობას. ირანმა აშშ-ს შუამავლების მეშვეობით შვიდი პირობა გადასცა, რომელთა შესრულებასაც თეირანი სრუტის გახსნის წინაპირობად მიიჩნევს. ეს პირობები ირანის უმაღლესი ხელისუფლების მიერ არის დამტკიცებული და აღნიშნული პირობები ვიდრე არ შესრულდება სრუტე დახურული დარჩება.

მსგავსი