ირანში საწვავის ფასის გაზრდის გამო დაწყებულ აქციებზე შეტაკება მოხდა
თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში საწვავის ფასის ზრდის გამო ქუჩაში გასულ დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა. ირანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სირჯანში არეულობის დროს აქციის ერთი მონაწილე გარდაიცვალა. არიან დაშავებულები. მომიტინგეებმა ავტოგასამართი სადგურებისა და სხვა ნავთობობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს, თუმცა პოლიციამ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მათ წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს.
საპროტესტო გამოსვლები ირანის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მთავრობამ ბენზინის ფასის ზრდისა და მისი გაყიდვის ნორმირების გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარად, ლიტრი ბენზინის ფასი 10 ათასი რიალიდან (დაახლოებით ცხრა ცენტი) 15 ათას რიალამდე (13 ცენტი) გაიზარდა. მთავრობის დადგენილებით, ამ ფასად თვეში 60 ლიტრამდე ბენზინის შეძენაა შესაძლებელი. მათ, ვისაც მეტი რაოდენობის საწვავის შეძენა სურს, ლიტრში უფრო მაღალი ღირებულების გადახდა მოუწევთ.
როგორც სააგენტო „რეიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, საპროტესტო გამოსვლები ირანის 40-მდე ქალაქში გაიმართა.
დემონსტრაციების ფონზე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ, მეჯლისის თავმჯდომარე ალი ლარიჯანიმ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ებრაჰიმ რაისიმ საგანგებო შეხვედრა გამართეს. თავის მხრივ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირანში არეულობა საზღვარგარეთიდან იმართება.