ირანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 107 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 107 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აპრილის შემდეგ დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ეს არაპროგნოზირებადი და სასტიკი ვირუსია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია, გაგვაოცოს“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის პრესმდივანმა, სილმა სადათ ლარიმ.
ირანში ვირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში დაფიქსირდა. მას შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 9 000 ადამიანი გარდაიცვალა.
გუშინ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ მოსახლეობის ნაწილი ექიმების რეკომენდაციებს არ იცავს, რის გამოც ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ქვეყნის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, შესაძლოა, ირანში კარანტინი ისევ გამოცხადდეს.