ირანში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში აშშ-სთან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გამართვა არ იგეგმება, რადგან თეირანის ამჟამინდელი პრიორიტეტი მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველყოფაა.
ბაღეის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკვე გასცა მე-10 პუნქტთან დაკავშირებული აუცილებელი ნებართვები, რომელიც ნავთობის გაყიდვებს ეხება და ირანი მათი განხორციელების პროცესს აკვირდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა მე-11 პუნქტის შესრულებაზე, რომელიც ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას უკავშირდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ირანის ექსპერტთა დელეგაცია მიმდინარე კვირის ბოლოს დოჰაში გაემგზავრება.
ბაღეიმ აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს საბოლოო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპი ჯერჯერობით არ დაუწყიათ. მისი თქმით, მემორანდუმის მე-13 პუნქტის თანახმად, საბოლოო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება დაიწყოს, რაც პირველი, მეოთხე, მეხუთე, მეათე და მე-11 პუნქტების შესრულება დაიწყება და შესაბამისი პროცესები გაგრძელდება.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ კატარში აშშ-ის წარმომადგენლების შესაძლო ვიზიტი არ უკავშირდება ირანის დელეგაციის ვიზიტს. მისი თქმით, ირანელი ექსპერტები დოჰაში მემორანდუმის შესრულების, მათ შორის მე-11 პუნქტის, საკითხების განსახილველად გაემგზავრებიან.