ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს – „შეთანხმების დარღვევა გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის შეჩერებას“
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის ავიაციამ სამხრეთ სანაპიროზე მდებარე რამდენიმე სადამკვირვებლო და მონიტორინგის ობიექტს დაარტყა, რაც მათი თქმით, შეთანხმების პირობების დარღვევაა.
„ეს სასტიკი თავდასხმები აჩვენებს, რომ აშშ საკუთარ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს მნიშვნელობას არ ანიჭებს. დაპირებების დარღვევა მათი ბუნების ნაწილია“, – ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში განაცხადეს, რომ ქუვეითსა და ბაჰრეინში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
მათივე ცნობით, ოპერაცია იყო პასუხი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ბოლო დარტყმებზე.
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ეწინააღმდეგება ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველ პუნქტს და გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ირანმა კიდევ ერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რის გამოც აშშ-მა ირანის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების საწყობებს დაარტყა.