ირანმა შუამავლებს აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებისა და ომის დასრულებისთვის საჭირო პირობები გადასცა

12:21, 20.09.2026

ირანმა შუამავლებს აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებისა და ომის დასრულებისთვის საჭირო პირობები გადასცა. ამის შესახებ ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.

რეზაის თქმით, ირანის პირობებს შორისაა ომის ყველა მიმართულებით დასრულება, გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლება და საზღვაო ბლოკადის მოხსნა. მისი განცხადებით, თეირანი ამ საკითხებზე კატარსა და პაკისტანთან კონსულტაციებს აგრძელებს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პასუხს ელოდება. რეზაის თქმით, ირანმა საკუთარი პირობები კატარისა და პაკისტანის გავლით აშშ-ს ოფიციალურად გადასცა.

„კატარის პატივსაცემი მთავრობა და პაკისტანის პატივსაცემი მთავრობაც ამჟამად ჩვენთან კონსულტაციებს აწარმოებენ. მათთან მუდმივი კონტაქტი და შეხვედრები გვაქვს. მათ ჩვენი პირობები გადავეცით და ამერიკელებმაც იციან ჩვენი პირობების შესახებ. ახლა ველოდებით, რომ ამერიკელები ამ პირობებს მიიღებენ და შეასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პრაქტიკაში უნდა განახორციელონ. ჩვენ აშშ-ს განვუცხადეთ, რომ ერთ-ერთი პირობა გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებაა. მეორე პირობაა, რომ მათ ყველა მიმართულებით ომის დასრულების შესახებ უნდა განაცხადონ და შეწყვიტონ ომი. გარდა ამისა, არ უნდა ჩაერიონ ირანის შიდა საქმეებში. მათ ასევე უნდა შეწყვიტონ ირანის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის აგრესია, მათ შორის დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმები, და მოხსნან საზღვაო ბლოკადა. ეს ის პირობებია, რომლებიც არაერთხელ გავაჟღერეთ და რომლებიც კატარისა და პაკისტანის გავლით მათ ოფიციალურად გადავეცით“,- განაცხადა რეზაიმ.

რეზაის განცხადებით, თეირანს ასევე სურს საუდის არაბეთსა და იემენს, ასევე ავღანეთსა და პაკისტანს შორის მიმდინარე კონფლიქტების დასრულებაში დახმარება.

მსგავსი