ირანმა, სავარაუდოდ, ხელში ჩაიგდო პოლონური წარმოების დრონი, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ძალები იყენებდნენ
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე გამოსახული უპილოტო საფრენი აპარატი პოლონური წარმოების დრონს ჰგავს
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციისა და ფოტოების თანახმად, ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“, როგორც ჩანს, ხელში ჩაიგდო უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც პოლონური წარმოების დრონს ჰგავს.
ფოტოებზე, რომლებიც თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსმა, ბაბაკ თაღვაიმ გააზიარა, სავარაუდოდ, ასახულია სამხრეთ ირანში ხელში ჩაგდებული Tiguar M-ის ტიპის დრონი, რომელსაც პოლონური ტექნოლოგიური კომპანია uAvionics-ი აწარმოებს. ექსპერტის თქმით, დრონი, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ძალები იყენებდნენ, „გუშაგთა კორპუსის“ სახმელეთო ჯარების 48-ე ბრიგადა „ფათჰმა“ ჩაიგდო ხელში.
თაღვაის ცნობით, გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალები, კერძოდ „მწვანე ბერეტები“ აპრილში ფილიპინებში გამართული სწავლებების დროს Tiguar M-ს ტესტავდნენ, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დრონის შორ მანძილზე კავშირის დამყარების შესაძლებლობებს ეთმობოდა.
თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსის თქმით, ირანის მიერ ხელში ჩაგდებული დრონის ფოტოებზე ჩანს ფიუზელაჟზე იმპროვიზებულად დამონტაჟებული Starlink-ის ან Starshield-ის თანამგზავრული ტერმინალი, რომელიც, სავარაუდოდ, ოპერატორებთან კავშირის შესანარჩუნებლად გამოიყენებოდა. მან ასევ აღნიშნა, ადრეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც Tiguar M-ის სტანდარტული ვარიანტი თანამგზავრული კავშირის (SATCOM) ანტენით იყო აღჭურვილი.
საერთაშორისო საკითხთა ექსპერტმა, კშიშტოფ ვოიცალმა ეს ფოტოები შეაფასა, როგორც „ირანთან ომში პოლონური დრონების გამოყენების“ მტკიცებულება.
Tiguar M-ი წარმოადგენს პოლონური წარმოების დრონის სამხედრო ვერსიას, რომლის სიგრძე დაახლოებით 2,32 მეტრია, ფრთების გაშლილობა – 4,1 მეტრი, ხოლო მაქსიმალური ასაფრენი წონა – 25 კგ. თაღვაის თქმით, ოფიციალურად დადასტურებული მისი ფრენის ხანგრძლივობა 20 საათს აღემატება, ხოლო კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, თან ატაროს სადაზვერვო, თვალთვალისა და რეკოგნოსცირების (ISR) აღჭურვილობა.
თარღვაის ვარაუდით, თუ დადასტურდება, რომ ხელში ჩაგდებული დრონი ნამდვილად Tiguar M-ია, ეს იმის მტკიცებულება იქნება, რომ აშშ-ის ძალები, სამიზნეების განსაზღვრისა და საბრძოლო ზიანის შესაფასებლად, შედარებით მცირე, იაფფასიან ISR პლატფორმებს იყენებენ. მისივე განმარტებით, ასეთი დრონები უფრო იაფია და მათი ჩანაცვლება გაცილებით ადვილია, ვიდრე უფრო დიდი ზომის სადაზვერვო თვითმფრინავების.