ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ირანის უმაღლესმა ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

ამ ქმედებით ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის გადაწყვეტილებას უპასუხა, რომელმაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისლამური რესპუბლიკის არმიის ელიტური ქვედანაყოფია. ის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წელს დაარსდა. გუშაგთა კორპუსი ირანში მნიშვნელოვან სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალას წარმოადგენს. ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს მჭიდრო კავშირები აქვს ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისთან.