ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი - აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, პასუხს გავცემთ
ჩვენ აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ, – ამის შესახებ ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი აცხადებს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ომი ირანის წინააღმდეგ მისი „არასწორი გათვლების“ შედეგია, რადგან ტრამპს ეგონა, რომ ვენესუელის მოდელის ირანში გამეორება შეეძლო, მაგრამ ახლა სტრატეგიულ ჩიხშია.
ლარიჯანის თქმით, ტრამპმა ირანზე თავდასხმებით ვერ მიაღწია თავის მიზნებს. როგორც ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ირანის ხელმძღვანელობის და ათასზე მეტი ირანელი ადამიანის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება. მისივე თქმით, ირანი უკან არ დაიხევს, ვიდრე „შურისძიება არ მოხდება და აგრესორი არ დაისჯება“.
„ჩვენ ტრამპს არ გავუშვებთ, მან უნდა გადაიხადოს ფასი“, – განაცხადა ლარიჯანიმ.