ირანის სულიერი ლიდერის თანაშემწე - სპარსეთის ყურეში ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს
ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის თანაშემწის განცხადებით, ამერიკული ხომალდები ირანის სამხედრო გემების სიახლოვეს არიან და ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს.
„ამერიკელები სრულად აცნობიერებენ, რომ მათი სამხედროები ირანის გემებთან ახლოს იმყოფებიან. აშშ-ის და სხვა ქვეყნების გემები ირანის სარაკეტო დანადგარების მოქმედების არეალში იმყოფებიან. სპარსეთის ყურეში ტყვიის გავარდნისთანავე ნავთობის ფასები 100 დოლარს გადააჭარბებს. ეს აუტანელი იქნება ამერიკისთვის, ევროპისა და მათი მოკავშირეებისთვის“, – განაცხადა იაჰია რაჰიმ საფავიმ.
მანამდე ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი მზად არის აშშ-თან მოსალაპარაკებლად, თუმცა ვაშინგტონი პატივისცემით მოეკიდება ირანს.
ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ცოტა ხანში კი ირანს დოკუმენტის პირობებით გაუქმებული სანქციები დაუწესა.
რამდენიმე კვირის წინ აშშ-მა ირანის მხრიდან მომდინარე გარკვეული საფრთხის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.