ირანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ აბას არაღჩი ჩინეთში ვიზიტისას აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს განიხილავს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში ვიზიტისას აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებებს განიხილავს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაემ განაცხადა.
მისივე თქმით, ირანის მოთხოვნა ნებისმიერი მოლაპარაკებების დროს არის უკანონო სანქციების მოხსნა, რომელსაც ხელშესახები შედეგი ექნება.
„საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჩინეთში წინასწარ იყო დაგეგმილი და, ბუნებრივია, რომ ეს ვიზიტი მოიცავს კონსულტაციებს ჩინელ მაღალჩინოსნებთან ირანსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ჩვენ მათ ვაცნობებთ მიღწეულ პროგრესს“, – განაცხადა ბაღაემ.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ჩინეთს დღეს ეწვევა. ირანსა და აშშ-ის დელეგაციებს შორის კი მესამე შეხვედრა 26 აპრილს ომანში შედგება.