ირანის საგარეო უწყება აშშ-ის შესახებ დოსტოევსკის ციტატას აქვეყნებს – „ადამიანი, რომელიც თავს იტყუებს და საკუთარ ტყუილს უსმენს, ისეთ მდგომარეობამდე მიდის, ვერ არჩევს სიმართლეს საკუთარ თავში ან მის გარშემო“
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ტყუილზე დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით ფიოდორ დოსტოევსკის რომანიდან, „ძმები კარამაზოვებიდან“ მონაკვეთი მოჰყავს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღეის განცხადებით, დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ ეს მონაკვეთი ზუსტად აღწერს იმ სიტუაციას, რომელშიც აშშ-ის მმართველობისა და საგარეო პოლიტიკის სისტემა ირანსა და რეგიონთან დაკავშირებით „ტყუილზე“ უკიდურესი დამოკიდებულების გამო იმყოფება.
„ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს იტყუებს და საკუთარ ტყუილს უსმენს, ისეთ მდგომარეობამდე მიდის, რომ ვერ არჩევს სიმართლეს საკუთარ თავში ან მის გარშემო და ამიტომ კარგავს ყოველგვარ პატივისცემას საკუთარი თავისა და სხვების მიმართ“, – ციტირებს დოსტოევსკის ირანის საგარეო უწყება.