ირანის საგარეო უწყება - აიათოლა ალი ხამენეისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება დიპლომატიის გზის სამუდამოდ დაკეტვაა
ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ლი ხამენეისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებამ თერიანსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიის გზა სამუდამოდ დაკეტა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აბას მუსავი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი უპრეცედენტო სანქციები დააწესა. ახალი შეზღუდვები ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ხამენეისაც ეხება. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მოგვიანებით, მიმდინარე კვირას სანქციებს დაწესებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯავად ზარიფის წინააღმდეგ.
„ირანის უზენაესი ლიდერისა და ირანის დიპლომატის ხელმძღვანელისთვის უსარგებლო სანქციების დაწესება დიპლომატიის გზის სამუდამოდ ჩაკეტვაა.
ტრამპის სასოწარკვეთილი ადმინისტრაცია ანადგურებს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების დადგენილ საერთაშორისო მექანიზმებს“, – წერს მუსავი.
გასულ კვირას თეირანმა თავის ტერიტორიაზე ამერიკული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა. ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ჰორმუზის სრუტეში ასრულებდა ფრენას. დონალდ ტრამპის თქმით, სანქციები უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას უკავშირდება.