ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მოლაპარაკებებში აშშ-ის მთავარი მოტივი, შესაძლოა, მშვიდობა არ იყოს
მოლაპარაკებებში აშშ-ის მთავარი მოტივი, შესაძლოა, მშვიდობა არ იყოს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადი სოციალურ ქსელში წერს.
„როდესაც მხარე, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ომში, ალყაში, სანქციებსა და მუქარებში ირანის პასუხს მხოლოდ იმიტომ უარყოფს, რომ ის კაპიტულაციის წერილი არ არის, ცხადი ხდება, რომ საქმე მშვიდობას არ ეხება“, – წერს ღარიბაბადი.
მისი თქმით, რეალური მიზანია „პოლიტიკური ნების ძალის გამოყენებით თავს მოხვევა, მუქარისა და ზეწოლის გზით“.
„შეუძლებელია ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ალყის გაგრძელებისას, დიპლომატიაზე საუბარი სანქციების გამკაცრებისას ან რეგიონული სტაბილურობის განხილვა იმ რეჟიმისთვის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფისას, რომელიც აგრესიისა და არასტაბილურობის წყაროა“, – აღნიშნავს ქაზემ ღარიბაბადი.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ირანის 14-პუნქტიანი საპასუხო წინადადება მიზნად ისახავს ომის საბოლოო დასრულებას და აღნიშნა, რომ ახლა „ბურთი აშშ-ის მოედანზეა“. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინადადებას „სულელური“ და „მიუღებელი“ უწოდა.