ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - აშშ-მა უნდა გამორიცხოს ირანზე ახალი თავდასხმები, თუ დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება სურს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა გამორიცხოს ირანზე ახალი თავდასხმები, თუ დიპლომატიური მოლაპარაკებების განახლება სურს.
როგორც BBC-თან ინტერვიუში მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ განმარტა, ტრამპის ადმინისტრაცია შუამავლების მეშვეობით ირანს მოლაპარაკებებში დაბრუნებას სთავაზობს, მაგრამ „თავიანთი პოზიცია არ დაუზუსტებიათ“ ახალი თავდასხმების საკითხზე.
„ვეძებთ პასუხს ამ კითხვაზე: ვნახავთ თუ არა აგრესიის განმეორებას მოლაპარაკებების დროს?“ – განაცხადა ტახთ-რავანჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაადასტურა, რომ ირანი „აუცილებლად დაიტოვებს“ ურანის გამდიდრების უფლებას სამშვიდობო მიზნებისთვის.
„დონე შეიძლება განვიხილოთ, სიმძლავრე შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ იმის თქმა, რომ ურანის გამდიდრება საერთოდ არ უნდა შეგვეძლოს, და თუ არ დაეთანხმები, დაგბომბავთ – ეს ჯუნგლების კანონია“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ისრაელთან ზავის გაგრძელების შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „არ არის ნათელი“, რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ ირანი მას დაიცავს, ვიდრე მათ წინააღმდეგ „სამხედრო თავდასხმა განხორციელდება“.
ამასთან, მაჯიდ ტახტ-რავანჩიმ ევროპელი ლიდერების მიერ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების მხარდაჭერა „სასაცილოდ“ შეაფასა.
„თუ მათ არ აქვთ გამბედაობა, გააკრიტიკონ ამერიკა, უნდა გაჩუმდნენ და არ ეცადონ აგრესიის გამართლებას“,- აღნიშნავს ტახტ-რავანჩი
„ჩვენ ომი არ გვინდა. დიალოგსა და დიპლომატიაში ჩართვა გვსურს, მაგრამ მზადყოფნაში და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ისევ გაკვირვებულები არ აღმოვჩნდეთ“, – განუცხადა ბიბისის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.