ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპს თუ შეთანხმების მიღწევა სურს, მან უარი უნდა თქვას უპატივცემულო და მიუღებელ ტონზე დიდებულ აიათოლა ხამენეისთან მიმართებით
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ შეცვალოს ტონი ირანთან მიმართებით, თუ ნამდვილად სურს შეთანხმება. ამის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.
არაღჩი ტრამპის ტონს უპატივცემულოსა უწოდებს და აღნიშნავს, რომ ირანელი ხალხი არ იღებს მუქარებსა და შეურაცხყოფებს.
„პრეზიდენტ ტრამპს თუ ნამდვილად სურს შეთანხმების მიღწევა, მან უარი უნდა თქვას უპატივცემულო და მიუღებელ ტონზე ირანის უზენაეს ლიდერთან, დიდებულ აიათოლა ხამენეისთან მიმართებით და შეწყვიტოს მისი მილიონობით გულწრფელი მიმდევრისთვის ტკივილის მიყენება“, – აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
როგორც აღარჩი აცხადებს, ირანელების შეუპოვრობა კარგად არის გამოხატული ხალიჩებში, რომლებიც უამრავი საათის შრომისა და მოთმინების შედეგად იქმნება.
„ირანელების შეუპოვრობა კარგად არის გამოხატული ჩვენს ბრწყინვალე ხალიჩებში, რომლებიც უამრავი საათის შრომისა და მოთმინების შედეგად არის შექმნილი. თუმცა, როგორც ხალხი, ჩვენი ძირითადი წინაპირობა ძალიან მარტივი და პირდაპირია: ჩვენ ვიცით ჩვენი ფასი, ვაფასებთ ჩვენს დამოუკიდებლობას და არასდროს ვაძლევთ სხვას უფლებას, გადაწყვიტოს ჩვენი ბედი. დიდებულმა და ძლიერმა ირანელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ისრაელის რეჟიმს არანაირი არჩევანი არ ჰქონდა და იძულებული იყო, „მამასთან“ გაქცევით თავი დაეღწია ჩვენი რაკეტებით განადგურებისგან. თუ ილუზიები უარეს შეცდომებამდე მოგვიყვანს, ირანი არ დააყოვნებს თავისი რეალური შესაძლებლობების გამჟღავნებას, რაც აუცილებლად ბოლოს მოუღებს ირანის ძალის შესახებ ნებისმიერ ილუზიას“, – წერს აღარჩი.