ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ირანს რუსეთისთვის რაკეტები არ გადაუცია
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი აცხადებს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ირანს რუსეთისთვის რაკეტები არ გადაუცია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„შესაძლოა, რაკეტების გადაცემა მოხდა ადრე, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მას შემდეგ, რაც თანამდებობა დავიკავე, მსგავსი მიწოდება რუსეთისთვის არ მომხდარა“, – ამბობს მასუდ ფეზეშკიანი.
განცხადება ირანის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწესა.
დიდმა ბრიტანეთმა ასევე დააწესა კონკრეტული სანქციები რამდენიმე ირანელი პირის წინააღმდეგ, რომლებიც, მათი თქმით, ჩართული იყვნენ რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებაში.