ირანის ნავთობის მინისტრი - ჩინეთში ირანული ნავთობის გაყიდვა გაგრძელდება გაერო-ს სანქციების აღდგენის შემთხვევაშიც
ირანული ნავთობის გაყიდვა ჩინეთში გაგრძელდება გაერო-ს სანქციების აღდგენის შემთხვევაშიც. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა, მოჰსენ პაქნეჯადმა განაცხადა.
ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, სანქციების აღდგენის მექანიზმის ამოქმედება ირანის მიერ ნავთობის გაყიდვებს დამატებით შეზღუდვებს არ შეუქმნის.
„გასულ წლებში ჩვენ აღმოვჩნდით ისეთი მკაცრი შეზღუდვების წინაშე აშშ-ის უსამართლო და ცალმხრივი სანქციები გამო, რომ, ფაქტობრივად, გაერო-ს სანქციები ამ სიტუაციას დიდად ვერაფერს შემატებს“, – თქვა მინისტრმა.
2024 წლის მონაცემებით, ირანიდან ექსპორტირებული ნავთობის ოთხი მეხუთედი ჩინეთზე მოდის.
28 აგვისტოს ევროპის სამმა ქვეყანამ – საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის 30-დღიანი პროცესი დაიწყო. ევროპული სამეული თეირანს 2015 წლის ბირთვული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. სანქციები 27 სექტემბერს აღდგება, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული. ამჟამად ირანი და ევროპის ქვეყნები სანქციების თავიდან ასაცილებლად შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა მოლაპარაკებები გამართეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ევროპული ქვეყნები ირანისგან ბირთვულ ობიექტებზე გაერო-ს ინსპექტორების დაშვებას ითხოვენ.