ირანის ხელისუფლება რადიკალიზაციას განაგრძობს: ომის ექვსი თვე და ცვლილებები ძალაუფლების გადანაწილებაში
თეირანის ცენტრში გამოფენილი ბანერი / ფოტოს ავტორი: საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი" (AFP)
აშშ-ზე მოპოვებული გამარჯვება და ჰორმუზის სრუტეში ჩაძირული დონალდ ტრამპი: თეირანის ცენტრში გამოკრული გიგანტური ბანერი სწორედ ამ კადრს ასახავს. ირანის რეჟიმს საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება სურს. სინამდვილეში კი ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით მკვეთრად დაუძლურებულია. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ პოზიციები შეინარჩუნა. მმართველობამ ტრანსფორმაცია განიცადა, უფრო რადიკალური გახდა და ახალი ლიდერების მოძიებაც დაიწყო.
მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევისა და ინფორმაციის ჯგუფის (GRIP) მკვლევრის, ჟონათან პირონის თქმით, დაზვერვა ტრამპის ადმინისტრაციას აფრთხილებდა, რომ თავდასხმის შემთხვევაში ირანის რეჟიმის რადიკალიზაციის საფრთხე გაიზრდებოდა.
„ეს ანგარიშები ვაშინგტონმა უგულებელყო. თეთრ სახლში მიიჩნევდნენ, რომ სამხედრო ოპერაციის დაწყება რეჟიმს ავტომატურად დაამხობდა“, – აღნიშნავს პირონი.
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ULB) პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი კაროლინ აზადი აღნიშნავს, რომ 2026 წლის იანვარში ირანის მოსახლეობაში დონალდ ტრამპის მიმართ გარკვეული სიმპათია არსებობდა.
„მან ვენესუელაში მადუროს რეჟიმი ახალი დამხობილი ჰყავდა. ირანული ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ ეს პროცესი მათ ქვეყანაზეც გავრცელდებოდა. ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქუჩაში მოვაჭრეებიც გამოვიდნენ. რეჟიმმა პროტესტს სასტიკი რეპრესიებით უპასუხა, რასაც ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა“, – აცხადებს აზადი.
იმედები დიდი იყო, თუმცა ექვსი თვის შემდეგ მოსახლეობაზე წნეხი კიდევ უფრო გაიზარდა.

ვინ მართავს დღეს ირანს?
ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მისი მემკვიდრე, შვილი მოჯთაბა ხამენეი, თეორიულად ქვეყნის ახალი ლიდერია, თუმცა ის დიდი ხანია არავის უნახავს. მისი ცოცხლად ყოფნის მტკიცებულება არ არსებობს და მასთან შეხვედრას მხოლოდ ირანის პრეზიდენტი ადასტურებს.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხამენეი შესაძლოა ცოცხალი იყოს. „არ მგონია, რომ ის მკვდარია. მან სხეულის მარცხენა მხარეს მძიმე დაზიანებები მიიღო, თუმცა არ მგონია, გარდაცვლილი იყოს“, – აღნიშნა ტრამპმა. ამ განცხადების დამატებითი მტკიცებულებები მას არ წარუდგენია.
კაროლინ აზადის თქმით, ირანის რეჟიმი მეტისმეტად ჩაკეტილია. „ძნელია თქმა, ვინ მართავს რეალურად ქვეყანას. საჯარო სივრცეში რამდენიმე ფიგურა ჩანს, მაგალითად პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაღერ ღალიბაფი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლები, თუმცა ზუსტი დეტალები უცნობია“, – აცხადებს ექსპერტი.
ჟონათან პირონის შეფასებით, ხელისუფლების გადაჯგუფება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლების ირგვლივ ხდება. მათ მიაჩნიათ, რომ აშშ-თან კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდება.
„ისინი ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადებიან, როგორც ამერიკის, ისე საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. რეპრესიებზე პასუხისმგებელ „ბასიჯის“ დაჯგუფებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე ის პირები დაბრუნდნენ, რომლებიც წლების წინ ჩამოამოცილეს თანამდებობებს. ეს რეპრესიების კიდევ უფრო გამკაცრებასა და ქვეყნის შიგნით ვითარების რადიკალიზაციას იწვევს“, – აცხადებს პირონი.

რეჟიმის გადასარჩენად რელიგია მთავარ როლს უკვე აღარ თამაშობს. ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი არსებული სისტემის შენარჩუნებაა.
ომმა ირანის შიგნით შიდა დაპირისპირება გაამწვავა. ხელისუფლების გადადანაწილების პროცესში უპირატესობას კონსერვატორები და სამხედრო ფრაქციები მოიპოვებენ. ძალაუფლებას თანდათან სამხედრო აპარატი იგდებს ხელთ.
კაროლინ აზადის თქმით, ბანკებსა და ეკონომიკას სრულად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აკონტროლებს.
„მათ ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ კონფლიქტის პირობებში შეუძლიათ. მშვიდობიანი ირანი ამ რეჟიმის გადარჩენას არ ნიშნავს“, – განმარტავს აზადი.
ახალი ხელისუფლება რელიგიურ საკითხებსაც აკონტროლებს. „სასულიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ირანის მომავალი თეოკრატიაშია, დააპატიმრეს“, – აღნიშნავს აზადი.
კონსერვატორ სასულიერო პირებს გავლენა თითქმის დაკარგული აქვთ. დღეს ხელისუფლების მთავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა.
„თაობები შეიცვალა. რელიგიის გზით კეთილდღეობის მიღწევის დაპირება არ შესრულდა. თეოკრატიული სისტემისადმი რწმენა გაქრა. ირანელების უმრავლესობას სახელმწიფოსგან რელიგიის გამოყოფა სურს, რასაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ადასტურებს“, – აცხადებს ექსპერტი.

დღეს თეირანის ქუჩებში თავსაბურავის გარეშე მოსიარულე ქალების გამოჩენა იშვიათობა აღარაა. 2022 წელს დაარსებულმა მოძრაობამ „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ შედეგი გამოიღო.
„კულტურული რევოლუცია უკვე მოხდა. ახალგაზრდა ქალებმა თავსაბურავის ტარების წესი შეცვალეს. ხელისუფლება რელიგიურ საკითხებზე წნეხის შენარჩუნებას ცდილობს და ქალებს ჩაცმულობის გამო ქუჩაში კვლავ აჩერებენ, თუმცა რელიგია მთავარი პრიორიტეტი აღარაა. რეჟიმის მთავარი მიზანი ოპოზიციური განწყობების ჩახშობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა“, – აღნიშნავს აზადი.
სასტიკი რეპრესიები და ყოველდღიური სიკვდილით დასჯა
ორგანიზაცია Amnesty International-ი ირანში სიკვდილით დასჯის შემთხვევების მკვეთრ მატებაზე საუბრობს. ირანის ხელისუფლებამ იანვრის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ბრალდებით ორი ახალგაზრდის ჩამოხრჩობის შესახებ განაცხადა. უფლებადამცველები შიშობენ, რომ სიკვდილით დასჯის საფრთხე კიდევ სულ მცირე 60 ადამიანს ემუქრება, რომელთაგან სამი დაკავებისას არასრულწლოვანი იყო.
„ადამიანებს მცირე მიზეზის გამოც ახრჩობენ. სიკვდილით სჯიან არა მხოლოდ იანვრის აქციების მონაწილეებს, არამედ მათ მკურნალ ექიმებსაც. საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი სერიოზული საფრთხის წინაშეა. მოსახლეობის კონტროლის, რეპრესიებისა და შიშის დანერგვის მიზნით ირანი ჩინეთთან აქტიურად თანამშრომლობს“, – აცხადებს აზადი.
რეჟიმი „შიდა მტრებსაც“ ებრძვის. ამ კატეგორიაში უცხოურ ძალებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები შედიან. სიკვდილით დასჯის პროცესის გადაღებაც კი შესაძლოა ჩამოხრჩობის მიზეზი გახდეს. უცხოურ მედიასთან ლაპარაკი აკრძალულია. ინტერვიუების მიცემის უფლება მხოლოდ შერჩეულ პირებს აქვთ, რომლებიც მოვლენების ოფიციალურ ვერსიას ავრცელებენ.
ომმა ქვეყანაში საყოველთაო ეჭვიანობა გააღრმავა. ხელისუფლება ისრაელის აგენტებსა და ჯაშუშებს ეძებს, თუმცა ამ არგუმენტს უდანაშაულო ადამიანების უსამართლოდ, მტკიცებულებებისა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასასჯელადაც იყენებს
„რეჟიმს ესმის, რომ თუ საზოგადოებას ვერ გააკონტროლებს, ბრძოლას წააგებს“. განსხვავებული აზრის ჩასახშობად კი ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს.