ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის საფლავთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის საფლავთან აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სოლეიმანის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ჯერ – ერთი, შემდეგ კი მეორე აფეთქება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ქერმანში, ცერემონიის დროს მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, 170-ზე მეტი კი დაშავდა.

ზოგიერთი ირანული საინფორმაციო სააგენტო ამბობს, რომ დაჭრილთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

როგორც „როიტერი“ წერს, ოფიციალურმა პირმა ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ „ქერმანის მოწამეთა სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე განთავსებული ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორისტებმა დისტანციურად ააფეთქეს“.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.