„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - ლიბანზე თავდასხმები თუ დაუყოვნებლივ არ შეწყდება, აგრესორებს სინანულის მომგვრელ პასუხს გავცემთ
ლიბანზე თავდასხმები თუ დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ამას სინანულის მომგვრელი პასუხი მოჰყვება, – ამის შესახებ ნათქვამია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ მკაცრად ვაფრთხილებთ ფიცის დამრღვევ შეერთებულ შტატებსა და მის სიონისტ პარტნიორს, რომლებიც ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობენ: თუ ძვირფასი ლიბანის წინააღმდეგ აგრესია დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას და რეგიონში მავნე აგრესორებს სინანულის მომგვრელ პასუხს გავცემთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ირანის სახელმწიფო სააგენტო ციტირებს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ერთ-ერთი ოფიციალურ პირის განცხადებას, რომლის თქმითაც, დაჯგუფება „ჰეზბოლაზე“ თავდასხმა ირანზე თავდასხმის ტოლფასია.
„ნებისმიერი თავდასხმა ამაყ „ჰეზბოლაზე“ წარმოადგენს თავდასხმას ირანზე. სამხედროები ემზადებიან მძიმე პასუხისთვის ისრაელის რეჟიმის სასტიკ დანაშაულებზე“, – ამბობს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წარმომადგენელი.