ირანის ელჩი - ირანში პროტესტი მიმდინარეობდა ცივილურად, თუმცა მერვე დღეს, როდესაც სხვადასხვა ქვეყანამ და უცხო აქტორებმა გამოხატეს თავიანთი პოზიციები, პროტესტმა რადიკალური ფორმები მიიღო
ირანის ელჩი - ირანში პროტესტი მიმდინარეობდა ცივილურად, თუმცა მერვე დღეს, როდესაც სხვადასხვა ქვეყანამ და უცხო აქტორებმა გამოხატეს თავიანთი პოზიციები, პროტესტმა რადიკალური ფორმები მიიღო

ირანში პროტესტი ცივილურად მიმდინარეობდა, თუმცა მერვე დღეს, როდესაც უკვე სხვადასხვა ქვეყანამ და უცხო აქტორებმა გამოხატეს თავიანთი პოზიციები, ეს პროტესტი გასცდა ცივილურ ფორმას და რადიკალური ფორმები მიიღო, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ირანის კონსტიტუციის 27-ე მუხლში განმარტებულია, რომ ყველა მოქალაქეს აქვს პროტესტისა და თავისუფალი შეკრების უფლება, მხოლოდ იმ პირობით, თუ ამ პროტესტის დროს არ იქნება გამოყენებული იარაღი და ეს საპროტესტო აქცია საფრთხეს არ შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს.

„ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოეხსნა ვალუტის პრეფერენცირებული კურსი, რათა გაძლიერებულიყო კორუფციასთან ბრძოლა. მთავრობის ამ ნაბიჯმა გარკვეული პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში. შესაბამისად, პროფკავშირებმა, სხვადასხვა პროფესიულმა გაერთიანებებმა დააანონსეს აქციები და გაფიცვები. მიუხედავად გაფიცვების დაანონსებისა, სინდიკატებისა და პროფკავშირების ხელმძღვანელები მუდმივ დიალოგში იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი ასეთი დიალოგი შედგა ირანის პრეზიდენტთან. პროტესტი ცივილურად მიმდინარეობდა, თუმცა მერვე დღეს, როდესაც უკვე სხვადასხვა ქვეყანამ და უცხო აქტორებმა გამოხატეს თავიანთი პოზიციები, ეს პროტესტი გასცდა ცივილურ ფორმას და რადიკალური ფორმები მიიღო.

მისივე თქმით, სამართლიანი პროტესტი აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, თუმცა როდესაც პროტესტი რადიკალურ ფორმებს იღებს და უკვე ხდება დესტრუქციული ქმედებები, კერძო და სახელმწიფო ქონების დაწვა, ამაზე უკვე, ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება რეაგირება, რათა დაიცვას წესრიგი.

წლების განმავლობაში ცივილური პროტესტი არსებობდა. ახლა ისლამური რევოლუციის წლისთავის პერიოდია. 46-47 წლის წინ ირანელმა ხალხმა გამოხატა პროტესტი არსებული ხელისუფლების მიმართ და ამ პროტესტის შედეგად მონარქისტული ხელისუფლება შეიცვალა რესპუბლიკური ხელისუფლებით. ორი მოვლენა შეიძლება გამოიყოს. ერთი 1979 წლის ისლამური რევოლუცია, რომელიც წარმოიშვა სამოქალაქო პროტესტით და დღეს უკვე მასობრივი არეულობა და ძალადობრივი გამოხტომები სხვადასხვა პროტესტანტის მხრიდან. 47 წლის წინ საპროტესტო აქციების დროს არავის უთქვამს, რომ თავს დავესხათ პოლიციის შენობებს, გადავწვათ ბანკები, გადავწვათ სახელმწიფო უწყებები. იმ დროს ხალხის მთავარი სლოგანი იყო თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ისლამური რესპუბლიკის დამყარება. ბოლო პერიოდში, რაც საპროტესტო გამოსვლები ვიხილეთ ირანში, სრულიად განსხვავებული იყო, თავისი განსხვავებული მოწოდებებით, რომლებიც ძირითადად მოდიოდა უცხო ქვეყნებიდან. ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმები, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა, მასობრივი დაუმორჩილებლობა, მაშველების მუშაობის შეფერხება, სხვადასხვა ობიექტზე თავდასხმა, ცეცხლის წაკიდება და მსგავსი მოწოდებები.

იმავეს საქართველოში ჩვენ ვხედავთ, წელიწადზე მეტია, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და როდესაც ეს აქციები მიმდინარეობს მშვიდობიანად, არანაირი ძალადობა მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული. ირანში საპროტესტო აქციების მერვე და მეცხრე დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ ვნახეთ, როგორ აღმოჩნდნენ პროტესტანტთა შორის ადამიანები, რომლებსაც სახეები ჰქონდათ დაფარული და გადაადგილდებოდნენ იარაღით და პირდაპირი დამიზნებით ესროდნენ ხალხს. ასევე, მათი მხრიდან დაიწყო კერძო და სახელმწიფო ობიექტებზე თავდასხმები. პიროვნებებმა, რომელთა იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თვითონ პროტესტანტების მიმართ გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ბასრი ცივი იარაღი. გარდაცვლილთა შორის ვხედავთ, რომ აქვთ როგორც ცეცხლსასროლი იარაღის მიერ მიყენებული ჭრილობები, ასევე დანით და სხვა ბასრი იარაღით. გარე ძალა ხელმძღვანელობდა ამ საპროტესტო გამოსვლებს და ძირთადად იყო მოწოდებები ვითარების ესკალაციისკენ, პროტესტის რადიკალიზაციისკენ. პროტესტის მეათე დღე იყო ძალიან მძიმე. ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობა ყოველთვის დაინტერესებულია თავისი მოქალაქეების დაცვით და არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ დაზიანდნენ თავიანთი მოქალაქეები.

სამოქალაქო უფლებების შესახებ კონვენციის მე-4 მუხლში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად ზოგიერთ შემთხვევაში და საჭირო დროს აქვს რადიკალური ზომების მიღების უფლება. მე-19 მუხლში კი საუბარია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე იმ მიზნით, რომ დაცული იყოს ქვეყანაში უსაფრთხოება. მედია ავრცელებს არარეალურ ციფრებს, თითქოს ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ირანში ბოლოდრინდელი მოვლენების დროს. დაღუპულთა რაოდენობა ცოტა არ არის, მხოლოდ ერთ დღეს თეირანში ასი ადამიანი დაიღუპა. იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა, საჭიროა საკმაოდ დიდი სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულონ პოლიციამ, სხვადასხვა სამართალდამცველმა უწყებამ, საავადმყოფოებმა, სამაშველო ორგანიზაციებმა, ასევე უნდა იქნეს შესწავლილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ამასთან, მისივე თქმით, ირანი ყოველთვის ეწინააღმდეგება ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკური ვითარების შეცვლას კავკასიაში.

„საერთაშორისო თანამშრომლობა, ეკონომიკური აქტივობები, იგივე უცხოური ინვესტიციები – ეს არ არის ჩვენთვის წითელი ხაზი იმ პირობით, თუ მას არ მოჰყვება გეოგრაფიის ცვლილება. იმავე ზანგეზურის დერეფანს შეუძლია, საკმაოდ გაზარდოს დაკავშირებადობა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, რომელიც არის ორი ჩვენი ძალიან კარგი მეზობელი. მოგეხსენებათ, ირანი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა აზერბაიჯანის კავშირს თავის ანკლავთან, ნახჭევანთან, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს გზები გამოძებნილი კონფლიქტური სიტუაციების გადასაწყვეტად. ნებისმიერი დერეფანი, რომელიც იქნება რეგიონის ქვეყნების მიერ მართული და მათ იურისდიქციაში, არის მისასალმებელი და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკების დაკავშირებას ერთმანეთთან. განცხადებები, რომლებიც დერეფანთან დაკავშირებით გაკეთდა ვაშინგტონში, გარკვეულ ბუნდოვანებას შეიცავს. ამერიკას არ წარმოუდგენია სამართლებრივი ჩარჩო ამ პროექტისთვის. გარდა ამისა, პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები მინსკის ჯგუფი, როგორც კონფლიქტის დარეგულირების მიზნით შექმნილი ჯგუფია. ყოველივე ამან, შესაძლოა, ერთგვარი უთანხმოება გამოიწვიოს ამერიკას და ევროპას შორის. გარდა ამისა, ამერიკელები ცოტა არამდგრადი ხალხია და ახასიათებთ პოზიციების ძალიან სწრაფი ცვლილება. შეიძლება, „ტვიტერში“ ერთმა პოსტმა ძირეულად შეცვალოს რაღაც გადაწყვეტილება. შესაბამისად, ნებისმიერი პროექტი და ინიციატივა, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი ჩარჩო და ბაზა და მხოლოდ დაპირებებზეა დაფუძნებული, სამომავლოდ, შესაძლოა, გახდეს ხელახალი დაპირისპირებების და უთანხმოების მიზეზი. ჩვენ მეზობლებს, აზერბაიჯანს და სომხეთს, ბუნებრივია, მათაც აქვთ გარკვეული კითხვები და ისინიც არიან დაინტერესებული, რომ უფრო მეტი სიცხადე შევიდეს ამ პროექტში. როგორც ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, ვაჭრობას და უფრო მეტ ინტეგრაციას, არის მისასალმებელი, თუმცა ყოველგვარი მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება არსებული გეოპოლიტიკური ვითარების წინააღდეგ, მარცხისთვისაა განწირული“, – განაცხადა ირანის ელჩმა.