ირანის ისლამური რესპუბლიკის დაზვერვის მინისტრი სეიდ მაჰმუდ ალავი ოფიციალური ვიზიტით ერაყის დედაქალაქ ბაღდადს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა ქვეყნის პრეზიდენტ ბარჰამ სალიჰისთან, პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ალ-ჰალბუსისთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ყასიმ ალ-არაჯისთან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ვიზიტისას მხარეებმა ყველა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.
ერაყის პარლამენტის თავმჯდომარის, მოჰამედ ალ-ჰალბუსის განცხადებით, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ოფიციალური ბაღდადის უსაფრთხოების მხარდაჭერა.
ირანის დაზვერვის მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის შეხვედრაზე კი მხარეებმა რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, აგრეთვე ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების გზებზე ისაუბრეს.