ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებთან არაფორმალური შეხვედრების წინააღმდეგია
ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-სა და ევროპულ ქვეყნებთან არაფორმალური შეხვედრების გამართვას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
„აშშ-ისა და სამი ევროპული სახელმწიფოს ბოლოდროინდელი ქმედებებისა და განცხადებების გათვალისწინებით, ირანი არ მიიჩნევს, რომ ახლა ამ ქვეყნებთან არაფორმალური შეხვედრის ჩატარების დროა, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა შემოგვთავაზა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, საედ ხატიბზადემ.
ირანის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ თეირანი ჟოზეფ ბორელის ინიციატივას განიხილავდა. ირანის ხელისუფლება ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულების შესასრულებლად აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან სანქციების მოხსნას ითხოვს. ვაშინგტონში კი ამბობენ, რომ ვალდებულებების შესრულება პირველ რიგში ირანმა უნდა დაიწყოს.