ირანელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანი მზად არის, გახსნას ჰორმუზის სრუტე, თუ აშშ შეამსუბუქებს სამხედრო ზეწოლას და მოხსნის ბლოკადას ირანულ პორტებზე

16:17, 22.09.2026

ირანი მზად არის, გახსნას ჰორმუზის სრუტე, თუ აშშ შეამსუბუქებს სამხედრო ზეწოლას და მოხსნის ბლოკადას ირანულ პორტებზე. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განუცხადა.

„აშშ-მა უნდა განაცხადოს, რომ სურს საკითხის დიპლომატიურად მოგვარება, ეს ოფიციალურად გააკეთოს და შემდეგ შეთანხმდეს ვადებზე, როგორ წარიმართება პროცესი“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მისივე თქმით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარმოდგენილ ირანულ დელეგაციას სრული უფლებამოსილება აქვს, განაახლოს დიპლომატია. ამავე წყაროს ცნობით, ნიუ იორკში მყოფი ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გენერალური ასამბლეის ფარგლებში არ აპირებს ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრას.მისი განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად შეთანხმების დეტალებთან დაკავშირებით ვაშინგტონთან საუბარი შუამავლების საშუალებით, 16 სექტემბერს შედგა.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეა ოქროს შესაძლებლობაა აშშ-სთვის, დაუბრუნდეს დიპლომატიას“, – აცხადებს ანონიმური წყარო და აღნიშნავს, რომ თეირანი მიესალმება, თუ ვაშინგტონი ხელშესახებ ნაბიჯებს გადადგამს.

მსგავსი