ირაკლი ზარქუა - ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ, მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, მართლა მეორე ფრონტი გინდათ გახსნას?
ირაკლი ზარქუა - ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ, მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, მართლა მეორე ფრონტი გინდათ გახსნას?

ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ ხმა მისცა რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის გაერო-დან გარიცხვას, ევროსაბჭოში მისი სიტყვის წარმომადგენლობის შეზღუდვას, ჰააგაში ჩვენ ვართ ერთ-ერთი თანამონაწილე იმ ბრალდების, მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, მართლა მეორე ფრონტი გინდათ გახსნას?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზარქუამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ საქართველოს სჭირდება არა ომი, არამედ განვითარება და სტაბილურობა.

„მინდა, მოგმართოთ რადიკალურ ოპოზიციას, ვისაც კიდევ ვერ გაგირკვევიათ და საქართველოს ამუნათებთ უკრაინასთან მიმართებაში. მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, ამიხსენით? ქართველები ხომ ხართ, ქართული ხომ გესმით, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის გაერო-დან გარიცხვას, ევროსაბჭოში მისი სიტყვის წარმომადგენლობის შეზღუდვას, მათ შორის ჰააგაში ჩვენ ვართ ერთ-ერთი თანამონაწილე იმ ბრალდების. მეტი რა გააკეთოს ამ ქვეყანამ, აგვიხსენით, მართლა მეორე ფრონტი გინდათ გახსნას? ომის პარტიას გვეძახიანო, შეეცადნენ შეელამაზებინათ, არა, ბატონებო, ჩვენ გეძახით ღალატისა და ომის პარტიას. ეს სულ სხვა დეფინიციაა. რატომ ღალატის? იმიტომ, რომ თქვენ, ჩვენი გმირი ბიჭები, რომლებიც ომში იბრძოდნენ, მიატოვეთ და შემდეგ ომის დაწყება დააბრალეთ საქართველოს, როდესაც ევროსაბჭოში მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, საქართველომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედება, ომის ესკალაცია განაპირობაო, ამას მოაწერეთ ხელი. ამიტომ ხართ ღალატის პარტია. რაც შეეხება ომის პარტიას, დღესაც გამოვიდა უკრაინის მაღალჩინოსანი და თქვა, სააკაშვილი რომ იყოს დღეს, მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდაო, მაგრამ დღეს არ არის სააკაშვილი, ხელისუფლებაში სხვა არის და ამიტომ მათგან არ ელოდოთ, რომ ომი გაიხსნებაო. აი, ესაა ჩანაფიქრი და ვინც ამას ხელს უწყობთ, ისინი ხართ მოღალატეები. საქართველოს ომი არ სჭირდება, ამ ქვეყანას სჭირდება განვითარება და სტაბილურობა. თუ გაქვთ ამის შნო, დაუდექით ქვეყანას გვერდით“, – განაცხადა ზარქუამ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მათ შორის ოპოზიციური არხები თანამშრომლობენ „ფეესბესთან“.

„ახლა კიდევ შეეცადნენ, ფარული ჩანაწერიო და, სხვათა შორის, სამადაშვილი ჭკვიანი გოგოა, მართალია, ზოგჯერ არ ემთხვევა მისი საუბრის შინაარსი და შეიძლება, აღქმა არ არის ამისი, მაგრამ შეეცადა, შეელამაზებინა, რადგან მიხვდა, „ფეესბეს“ ჩაწერილი ფარული ჩანაწერი როგორ მოხვდა ოპოზიციურ არხებზე პირდაპირ. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, მათ შორის ოპოზიციური არხები თანამშრომლობენ „ფეესბესთან“. როგორ შეიძლება ერთი გამოქვეყნება და მაშინვე ორკესტრირებული შეტევა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე, სახელმწიფოსა და ხელისუფლებაზე. ეს ხომ არის ორკესტრირებული. ქალბატონო თამარ, თუ თქვენ გიყვართ თქვენი ქვეყანა, უნდა გამოხვიდეთ და თვალი გაუსწოროთ თქვენს სიმართლეს. როგორ შეიძლება, მწვალებელთა პარტიის გვერდით იყოთ და საქართველოს პატრიოტიზმზე თავს დებდეთ, არ გამოვა ასე. შემდეგ იმიტომ არის, რომ „ენდიაის“ კვლევაში, რომელიც არ გამოირჩევა ხელისუფლების მიმართ მაინც და მაინც ლოიალურობით, შვიდი პროცენტი გაქვთ უკვე. ეგეც გაყალბებულია? 7 პროცენტამდე დაეცა უკვე. არ მიკვირს იმ ბელადის, არ გაამართლა მელიამ და ჩვენ რომ გვყავდა კიდევ ერთი ბედოვლათი, ახლა იმით აპირებს ჩანაცვლებას. ქაოსში ხართ.

მინდა, გითხრათ, ქალბატონო თამარ და სამადაშვილსაც, რომელმაც დატოვა პარლამენტი ახლა, სანქციები არ უკავშირდება  და არ იქნება საქართველოს წინააღმდეგ. უფრო მეტსაც გეტყვით, აშშ-მა ყველაზე მეტი დახმარების პაკეტი დაამტკიცა, 132 მილიონით. ასე რომ, კეთილი ინებეთ, რეალობას თვალი გაუსწორეთ და ქვეყნის განვითარების ფერხულში ჩაებით, თუ ამის შნო გაქვთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.