ირაკლი ზარქუა - შალვას ფანჩატურში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად როცა დაჯდები, მიიღებ შედეგს, რაც არჩევნებზე მიიღეს, ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, რომ არ შეიძლება, აითქვიფო
ირაკლი ზარქუა - შალვას ფანჩატურში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად როცა დაჯდები, მიიღებ შედეგს, რაც არჩევნებზე მიიღეს, ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, რომ არ შეიძლება, აითქვიფო

რამდენადაც ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, ოპოზიციის ნაწილი მათ გაემიჯნა. მიხვდნენ, რომ არ შეიძლება აითქვიფო, რადგან ყველას თავისი მხარდამჭერები ჰყავს, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 14 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხვალინდელი აქციიდან რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ აქვს.

„დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც თუ კანონს არ არღვევ, ნებისმიერ ჯგუფს აქვს უფლება, პროტესტი გამოხატოს, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას. რამდენადაც ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო დარჩა, ოპოზიციის ნაწილი მათ გაემიჯნა. მიხვდნენ, რომ არ შეიძლება, აითქვიფო, რადგან ყველას თავისი მხარდამჭერი ჰყავს. როცა შალვას ფანჩატურში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად დაჯდები, იმ შედეგს მიიღებ, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღეს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ საკუთარი ნიშა არ უნდა დაკარგონ.

რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, შეიკრიბებიან, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან. ესეც მათი უფლებაა. ვინც ამ ზომას გადავა და დადგენილ ნორმებს დაარღვევს, მათ მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და მათ შესაბამისი სამსახურები მიხედავენ. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.