ირაკლი ზარქუა - საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით სატენდერო კომისია მუშაობას შეუდგა, უახლოეს პერიოდში ისევ შევიკრიბებით, დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგსაც მივიღებთ
ირაკლი ზარქუა - საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით სატენდერო კომისია მუშაობას შეუდგა, უახლოეს პერიოდში ისევ შევიკრიბებით, დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგსაც მივიღებთ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, დღეს საპენსიო კომისიის შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში კომისია ისევ შეიკრიბება და საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით სატენდერო პირობებზე იმუშავებს.

„დღეს, იცით, პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა სატენდერო კომისია პენსიების მომსახურებაზე. პარლამენტიდან, ჩვენი მხრიდან იყო დაინტერესება, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ შევთანხმდით „ლიბერთი“ ბანკთან, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2022 წლის დეკემბრამდე იყო, დროზე ადრე შეწყდებოდა, რადგან გამოცხადებულიყო უფრო ახალი პირობებით, ახალი მოქნილი ტარიფებით, დაბალი პროცენტი და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციიდან ესწრებოდნენ ბატონი ელისაშვილი და მანჯგალაძე, თუმცა ოპოზიციიდან ყველა იყო მოწვეული და შესაბამისად საქმის კურსში.

კომისია შეუდგა მუშაობას და უახლოეს პერიოდში ისევ შევიკრიბებით, რა დროსაც სატენდერო პირობები და ტექნიკური დავალება იქნება მიღებული, თუ რა პირობებით შეირჩევა უკვე მიმდინარე წელს ახალი გამარჯვებული. ვნახოთ, ვინ იქნება, მთავარია იყოს შესაბამისად მოქნილი პირობები და პენსიონერებისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთი, შედარებით დაბალი. საუბარია, რომ საბაზრო პროცენტებთან მიმართებით იყოს ახლოს და არა ძალიან აცდენილი. ასევე იყოს მოქნილი გარკვეული პირობები, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული პენსიონერების მდგომარეობა, შესაძლებლობები და ასე შემდეგ. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, მთავარია, რომ შედგა მუშაობა. ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს ამ კომისიას, პარლამენტიდან ვართ ოპოზიცია, პოზიცია წარმოდგენილი და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, კარგ რეზულტატსაც მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.