ირაკლი ზარქუა - საქართველო დიდი ხანია, მზადაა გასაწევრიანებლად, ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას
ირაკლი ზარქუა - საქართველო დიდი ხანია, მზადაა გასაწევრიანებლად, ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად მზადაა და ახლა ალიანსმა უნდა გადადგას გაბედული ნაბიჯი.

„საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა დაეკმაყოფილებინა სტანდარტები, მათ შორის ჯარის მოდერნიზაცია, საერთაშორისო მისიებში ჩვენი მაგარი ბიჭების გამოცდილება. ნატო-ს ყველა ექსპერტი ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ, დიახ, საქართველოს საჯარისო შენაერთები მზად არიან ნატოსთვის და ნატო-ს სტანდარტებისთვის. დანარჩენი, როდესაც ნატო მზად იქნება, ჩამოყალიბდებიან, მაშინ დაიწყება პროცედურები. არ ვაპირებ არასწორი მოლოდინების შექმნას.

საქართველო დიდი ხანია, მზადაა ნატოსთვის. ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას, დღეს ნატო-ს აქვს კარგი შესაძლებლობა, თუ თვითონ ძალას გამონახავენ, მიიღონ საქართველო, რომელმაც გამოიარა უამრავი რამ, რათა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო და ამისთვის სისხლი დაღვარა, მაგარი ბიჭები ბრძოლის ველზე დაეცნენ. თუ არადა, ჩვენ ვართ ძალიან ახლოს, ერთობლივი წვრთნები ტარდება, ერთობლივ მისიებში ვმონაწილეობთ და საქართველო ყოველთვის ეცდება, თავისი ინტერესები დაიცვას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება კითხვას, – „არის თუ არა ოპოზიციის გავლენა, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურადაა განწყობილი საქართველოს ნატო-ში წევრობასთან დაკავშირებით?“ – ზარქუას თქმით, არახალია, რომ ოპოზიციაში მავნებლები არიან.

„წლებია, უკვე მავნებლობენ, როგორც პარლამენტში ოპოზიცია, ასევე, გარეთ ვინც არიან დარჩენილი, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე ნატო-ს მიმართულებით. მგონია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობას აქვს ძალიან კარგი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, საქართველოს ბრძოლისუნარიანობის შესახებ, ჩვენი მაგარი ბიჭების გადამზადების, მისიებში მონაწილეობის შესახებ. საქართველო უკვე მზადაა და ეს არაერთხელ გაცხადებულა, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ასე რომ, როდესაც ნატო მზად იქნება, რომ მიგვიღოს, ბუნებრივია, ჩვენ ამ მოწვევას მივიღებთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.