ირაკლი ზარქუა - სამწუხაროა, რომ დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა, მან მოახერხა პოლარიზაცია საზოგადოებაში არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით
ირაკლი ზარქუა - სამწუხაროა, რომ დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა, მან მოახერხა პოლარიზაცია საზოგადოებაში არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით

მაშინ, როცა ევროპარლამენტარები საქართველოს ასე ურცხვად უტევდნენ და რაშიც ფული იყო გადახდილი, ვისურვებდი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები გამოსულიყვნენ, დაეგმოთ და ეთქვათ, რომ  ასე არ არის. ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, კელი დეგნანი საქართველოს ინტერესების დამცველი უნდა ყოფილიყო.

„სამწუხაროა, კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა. ამაში თავად ელჩი უნდა ვცნოთ დამნაშავედ. სამწუხაროდ, მან ვერ გაართვა თავი, პირიქით, მან შეძლო და მოახერხა, პოლარიზაცია ქართულ საზოგადოებაში თავისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით უფრო გააღრმავა, რაც პირდაპირ უნდა ითქვას. მაშინ, როცა მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სააკაშვილის ოჯახი მილიონებს იხდიდა, რომ თურმე ევროპარლამენტარებს ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ, ამ დროს ელჩი კითხვის საპასუხოდ პასუხობს, რომ ამ ინფორმაციას არ ვფლობო. ეს არ არის სწორი და ადეკვატური მიდგომა. პირიქით, ის უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველი, ქართული დემოკრატიის რეფორმების, შედეგების, მიღწევების დამცველი. სენატორებიც, მათ შორის, ჩვენს ქვეყანას აშავებდნენ და სააკაშვილზე რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდნენ. სტრასბურგის სასამართლომ კი დაადგინა, რომ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანის კი არა, კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საჭიროებაც არ არსებობს“, – განაცხადა ზარქუამ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია: „მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“.