ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობას“ - კახი კალაძე გაჩხერილი გყავთ ყელში, რადგან სხვა ლიდერებთან ერთად, დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ისე მთელ საქართველოში, ამას ვერ პატიობთ
ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობას“ - კახი კალაძე გაჩხერილი გყავთ ყელში, რადგან სხვა ლიდერებთან ერთად, დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ისე მთელ საქართველოში, ამას ვერ პატიობთ

ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე, ესენი არიან ადამიანის ტრაგედიებზე მონადირეები, მათ ქმედებას სხვას ვერ დაარქმევ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

ზარქუას თქმით, ტრაგედიაა ის, რაც ვაკის პარკში მოხდა და მარაზმია ის, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს.

„კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი იმ ოჯახს ამ სურათის ნახვისთვის. რაც მოხდა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვამბობთ მისი ოჯახის, მისი ახლობლების წინაშე. ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე. ესენი არიან ადამიანის ტრაგედიებზე მონადირეები, სხვას ვერ დაარქმევ. ხაბეიშვილი არის იმ პარტიის სახე, რომელსაც თავისმა ბელადმა მიაჩვია, რომ თავი რომ გადაერჩინა, დასრულებული არ იყო, იმწამსვე მთელი ათი, ასი კაცი უნდა დაეკავებინა, მტყუან-მართალი ჩაეგდო ციხეში. ეს იყო ამათი სტანდარტი, ამათი მაგალითი. გამოძიება მიმდინარეობს, ვინც არის დამნაშავე და ვინც გამოიკვეთება, ყველა ვნახავთ. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ამ ტონალობაში ვილაპარაკოთ. მანამდე რასაც თქვენ აკეთებთ, ეს მარაზმია, მეტი არაფერი. არ მინდა, გავცდე ამ ტონალობას, რადგან ოჯახს ვცემ პატივს და მგონია, რომ აქ რაც არ უნდა ვთქვა, ეს უფრო მეტ დრამატიზირებას შეიტანს ამ პროცესში. ტრაგედიაა, ამას ყველა ვაღიარებთ. უბრალოდ, მინდა, ვთქვა, კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად, დაგამთავრათ პოლიტიკურად, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ. ყველანაირად გინდათ, რაღაცნაირად ეს გაანეიტრალოთ, არ გამოგივათ. სწორედ მაგის დემონსტრირება იყო, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ტრაგედიის ფონზე, მერიასთან რომ მიაგზავნეთ ბავშვები. ათ კაცზე მეტი ვერ შეკრიბეთ, ეს არის თქვენი სახე, ხალხი არ დაგიდგათ გვერდში, რადგან ხალხმა იცის, რომ ის, რაც მოხდა, არის ტრაგედია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას თქმით, იმას, რაც ვაკის პარკში მოხდა, ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად კახა კალაძე განიცდის.

„ვაკის პარკში რაც მოხდა, ოჯახის შემდეგ, ამას ყველაზე მეტად განიცდის კახა კალაძე და მთელი მერია. ამას გრძნობს ხალხი და ამიტომაც არის, რომ ხელმოცარულები დადიხართ, მათ შორის პოლიტიკურად. ეს არის სწორედ ის, რაც არ გასვენებთ, რომ ასეთ პოლიტიკურ მოუსავლეთში ხართ და გინდათ, თქვენს ამომრჩეველს რამენაიარად ვითომ ეს მუხტი გაუღვიძოთ, არ გამოგდით, რადგან არასწორად დგახართ, უსამართლოდ დგახართ, არასწორ არგუმენტებზე დგახართ. ამიტომაც ყოველთვის იქნებით ასე პოლიტიკურად მიჩაჩანაკებული და ტრაგედიებზე მონადირენი – სადმე რამე წაიქცა, აბა, იქ დავდგეთ, აბა, ვიღაცა გარდაიცვალა, იქ მივიდეთ, ტრაგედიებზე მონადირენი ხართ, როგორ არ გრცხვენიათ, რამე წმინდა არ გაგაჩნიათ? თუ რაღაცა არასწორად წავიდა, შემდეგ მაინც თქვით, რომ საფუძველი გქონდეთ, გამოხატოთ თქვენი, კიბატონო, სამართლიანი აღშფოთება. ოთხი დღე გავიდა, ამხელა ტრაგედია მოხდა, მთელი ადამიანები იყვნენ ჩართული, გვინდა, სრულყოფილად გამოიძიონ, რომ შემდეგ რაღაცა კითხვები არ გაჩნდეს, ამის მაგივრად თქვენ ოღონდ ჩაქოლოთ, ოღონდ კუთხეში მოამწყვდიოთ. არ გამოგდით, ხომ ხედავთ, მერამდენედ აკეთებთ ამას კახის მიმართ, არ გამოგივათ მომავალშიც. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი ოჯახის წინაშე, ასეთი სამარცხვინო სურათის მომსწრენი რომ არიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.