ირაკლი ზარქუა - მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, არა და არასდროსო, სააკაშვილის შეწყალებას არ გამოვრიცხავ
ირაკლი ზარქუა - მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, არა და არასდროსო, სააკაშვილის შეწყალებას არ გამოვრიცხავ

ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

როგორც ზარქუა ამბობს, სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს და შეწყალების საფუძველი არ არსებობს.

„მნიშვნელობა არ აქვს, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როდესაც ის დანაშაულს ჩადის, მიდგომაა, რომ უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე, როგორც პატიმარ გვარამიაზე. პატიმრობა კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი, თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო და ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა.

მიუხედავად იმისა, რომ თქვა, არა და არასდროსო, შეწყალებას არ გამოვრიცხავ, რადგან ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელიც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. სალომე ზურაბიშვილს მართებს, ინსტიტუცია დაიცვას. შეურაცხყოფის შემდეგ იმ გუნდის ბელადის შეწყალება, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა, მე არ მესმის. რაც ჩანს, ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მათ შორის რაღაც ჯგუფის მხრიდან, დასავლეთიდანაც პირდაპირ დარტყმებია, რომ აიძულონ და შეიწყალოს, მაგრამ შეწყალების საფუძველი არ არსებობს. კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი და სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თქვან კონკრეტული დასკვნა — მერამდენე თვეა, ხან ერთ, ხან მეორე დაავადებაზე საუბრობენ. ამ დალოცვილებმა დაწერონ, რა სჭირს და შემდეგ ვკითხავთ პენიტენციურ სამსახურს, შეუძლია თუ არა მკურნალობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.