ირაკლი ზარქუა - მინდა, მადლობა ვუთხრა ინტერპელაციის ავტორებს, რომელთაც მისცეს პრემიერს შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ აეხსნა, რა ხიფათებს გადარჩა ქვეყანა
ირაკლი ზარქუა - მინდა, მადლობა ვუთხრა ინტერპელაციის ავტორებს, რომელთაც მისცეს პრემიერს შესაძლებლობა, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ აეხსნა, რა ხიფათებს გადარჩა ქვეყანა

მინდა, მადლობა ვუთხრა ინტერპელაციის ავტორებს, რომელთაც მისცეს პრემიერს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის აეხსნა, რა ხიფათებს გადარჩა დღემდე ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

ზარქუას თქმით, ევროკავშირის ლიდერები საუბრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ის, რაც ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო, რაც, ზარქუას თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ მოგწონს.

ამასთან, როგორც ზარქუამ აღნიშნა, გვინდა ევროკავშირი, ოღონდ გვინდა ღირსებით.

„სწორი იყო, რომ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ, რათა ავუხსნათ რას ემსახურებოდა მცდელობები გარკვეული დესტრუქციული ოპოზიციური შენაერთებიდან, როგორ უნდოდათ მათ, ეს ქვეყანა ყოფილიყო ჩართული მეორე ფრონტის სახით. სამადაშვილს მივმართავ, გონჩარენკოს რომ ემეგობრება, მისი განცხადებები არ მოუსმენია? არ მოუსმენია მცდელობები, რომ საქართველო რამენაირად მეორე ფრონტის ფაზაში შეეყვანათ? არ გამოუვიდათ. ბატონო პრემიერო, თქვენ ახსენეთ სააკაშვილის ოპერაცია, რისთვისაც აქ შემოაგზავნეს და ბევრი დღესაც მწერს, საზოგადოება მიხვდა ჩანაფიქრს, რა განსაცდელს ავარიდეთ დღემდე და მომავალშიც ჯერ კიდევ წინ არის. კიდევ მცდელობებია. ზეპირად იცოდნენ, ის კანონი რას ემსახურებოდა, როგორ, ევროკავშირი რუსულ კანონს იღებს? კანადაც? ამერიკაში რუსული კანონი მოქმედებს? უბრალოდ, გამოიყენეს ეს ჩვენი შეცდომა, მოდი, ვაღიაროთ, რომ ჩვენ საზოგადოებას არ გავაცანით, ახალგაზრდებს არ ავუხსენით, როგორ და რაში იყო საქმე. ჩამოვიდა, აგერ, ვარჰეი, ევროკომისარი და თქვა, რომ, დიახ, რეფორმებში გაქვთ ძალიან წინსვლა, ბორელიც იმავეს ამბობს, ჩამოვიდა ავსტრიის კანცლერი და თქვა, რომ თქვენ შეძელით ის, რაც ვერ შეძლო ევროპის ბევრმა სახელმწიფომ, რომ ამ ლაბირინთებში სხვებმა ვერ აირიდეს ეს განსაცდელი. თქვენ კი შეძელით და აირიდეთ, რომ ომის ცეცხლში არ არის და მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვთ ქვეყანაში, ეს თქვა. ევროკავშირის ლიდერები ამბობენ ამას და საუბრობენ, თქვენ, რადიკალურ ოპოზიციას არ მოგწონთ. თქვენ სხვა დანიშნულება გაქვთ, ყველას არ ვგულისხმობ, ვისაც ჰგონია, რომ თვითონ მოდის ხელისუფლებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადატრიალებას მოახდენს. ეს არის თქვენი ამოცანა და მიზანი. პრემიერს ეუბნებოდნენ წეღან, რომ ევროკავშირი მტერია, ამას ამბობთ? არა, ბატონებო, არავის არ უთქვამს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ევროკავშირისთვის, როგორც კონსტიტუცია გვაქვს, სადაც გავწერეთ, რომ ჩვენი მისწრაფებები არის ევროატლანტიკური სივრცისკენ, მეორე ეს არის უვიზო მიმოსვლა, მესამე ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, დღეს საქართველოში ბიზნესის დაახლოებით 25% უკვე ევროკავშირის ბაზარზე ოპერირებს, ეს შევძელით, დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ოღონდ გვინდა ღირსებით“, – განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას თქმით, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი საქართველოს მეგობრები კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები არიან.

„მე არ მგონია, რომ ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი, კუბილიუსები, ფოტიგები, ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები და ა.შ., ნამდვილად არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები, ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები. ვერ განვიხილავ მათ რეკომენდაციებს, არც იმ რეზოლუციას, სადაც ჩამიწერეს, რომ თურმე სააკაშვილი, რომელიც მთელ რიგ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი და დადასტურებული, სააკაშვილი, რომელსაც მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდან გვირგვლიანის საქმეზე, თურმე პოლიტპატიმარია. მეორე კიდევ, ქართული ჯარი რომ გაძარცვა და მილიარდერი რომ გახდა, თურმე ის არის მედიადევნილი. ამ რეზოლუციას თქვენ დაუჭირეთ მხარი, რადგან თქვენი დამფინანსებლები არიან, მაგრამ ჩვენთვის ის არ არის ევროპა, გამორიცხულია. ჩვენთვის ევროპა არის იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და ახლა კარგი შესაძლებლობა აქვს ევროკავშირს, რომ ის შეცდომა გამოვასწოროთ და კანდიდატის სტატუსი ღირსეულად, დამსახურებულად მიენიჭოს საქართველოს“, – განაცხადა ზარქუამ.