ირაკლი ზარქუა - მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა, ექიმებმა, თუ ისინი ნამდვილად პროფესიონალები არიან, ურჩიონ, შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს საკვები
ირაკლი ზარქუა - მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერებმა, ექიმებმა, თუ ისინი ნამდვილად პროფესიონალები არიან, ურჩიონ, შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს საკვები

ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის სახალხო დამცველი, ნუ იქნებიან ჩვეულებრივად მხარე, დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება ყველა სამედიცინო სერვისი, რაც ამ დროისთვის ესაჭიროება.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, სააკაშვილის გადაყვანა რომელიმე კლინიკაში, დღის წესრიგში არ დგას და თუ ამის აუცილებლობა დადგა, დეპუტატი აცხადებს, რომ მისი გადაყვანა რომელიმე კლინიკაში პრობლემა არ იქნება.

„ყველა სამედიცინო სერვისი, რაც სჭირდება და რაც დასჭირდება მომავალში, მიეწოდება პატიმარ სააკაშვილს, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს. მოცემული მომენტისთვის არც იყო მსჯელობა და არც განიხილება, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პატიმარ სააკაშვილის სადმე გადაყვანა. თუ ამის აუცილებლობა დადგა, როგორც წინა შემთხვევაში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ისე სხვა კლინიკებში ამის პრობლემა არ იქნება. უბრალოდ დღის წესრიგში ეს არ დგას. აქ მთავარია თითოეულმა მისმა მხარდამჭერმა, ექიმებმა, რომ თუ ისინი ნამდვილად არიან პროფესიონალები, ურჩიონ მას, შეეშვას პროვოცირებას, შიმშილობას და მიიღოს საკვები, რაც მიეწოდება, ისევე როგორც სხვა პატიმრები სარგებლობენ ამით.

თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი საზოგადოება და შიმშილობა, ისევე როგორც არ შიმშილობა ადამიანის გადასაწყვეტია, უბრალოდ ვისურვებდი, რომ თითოეული ექიმი, მათ შორის სახალხო დამცველი, ნუ იქნებიან ჩვეულებრივად მხარე, დაიცვან თითოეული პატიმრის უფლებები, მათ შორის მოუწოდონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუ ამას აქვს ადგილი და მიიღოს ის სერვისი, კვება, რაც აუცილებელია“,- განაცხადა ზარქუამ.