ირაკლი ზარქუა – კარგი იქნება, თუ ორივე მხარე გააკეთებს მკაფიო განცხადებებს, რას ეხებოდა საუბარი, ფაქტია, შეხვედრა ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა და არ მგონია, სპორტის განვითარებაზე ყოფილიყო საუბარი 

12:47, 28.07.2022

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, არ აქვს ინფორმაცია, რა საკითხზე შედგა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის, თუმცა ვარაუდობს, რომ ამაზეც ღიად, გამჭვირვალედ იქნება საუბარი.

„კონკრეტულად ამ შეხვედრის თემას რაც შეეხება, კარგია, რომ ორივე მხარე შეთანხმდა და თურმე აღმოჩნდა, რომ ნამდვილად შედგა ეს შეხვედრა. თუ რაზეა საუბარი, მე პირადად არ ვესწრებოდი და ინფორმაცია არ მაქვს. ალბათ ამაზეც იქნება საუბარი ღიად, გამჭვირვალედ და დამაჯერებლად. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ მოგვეცემა შესაძლებლობა, ეს თემა შევაფასოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ამასთან, როგორც ირაკლი ზარქუა ამბობს, ომში ჩართვის საკითხი მმართველი გუნდის მოგონილი არ არის, არამედ კონკრეტული ჯგუფები პირდაპირ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას და საზოგადოებას მეორე ფრონტის გახსნაზე.

„რაც შეეხება ომის თემას, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვის საკითხი მმართველი გუნდის მოგონილი თემა არ არის. კონკრეტული ადამიანები იყვნენ, მათ შორის საქართველოში მცხოვრები, მათ შორის რადიკალური ოპოზიციისგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. გვარები იყო ჩამოთვლილი, მათ შორის იყო მაგალითად, უკრაინის მაღალჩინოსნებისგან. მათ იციან, ჩვენც ვიცით, თქვენც იცით და ყველამ იცით ეს გვარები. სადაც პირდაპირი მოწოდება იყო, რომ იქნებ, ახლა ახალი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, აბა, თქვენ იცით, მეორე ფრონტი გაიხსნას, აბა, საკმარისია ჩვენი ბავშვების და დედების მკვლელობები. ეს მოწოდებები ხომ იყო. ჩვენ, მმართველ პარტიას ხომ არ მოგვიგონია. ამაზე კონკრეტული ჯგუფები აქცენტირებულად, პირდაპირ, ფოკუსირებულად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას და საზოგადოებას, იქნებ მეორე ფრონტი გახსნილიყო.

ჩვენ ამაზე ვთქვით, გამორიცხულია, ჩვენი ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. ამ ქვეყანას ომი არ სჭირდება. როგორც მაქვს ინფორმაცია, გარკვეული ჯგუფების მხრიდან, მათ შორის ამაზე საუბარი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მე ამას ვერ ვადასტურებ, არ ვესწრებოდი და არ ვიცი. კარგი იქნება, თუ ერთი მხარეც და მეორე მხარეც ამაზე მკაფიო განცხადებებს გააკეთებს, თუ რას ეხებოდა საუბარი. ფაქტია, რომ ქალბატონი ელჩის ინიციატივით ჩაინიშნა ეს შეხვედრა და თან სამი საათი გრძელდებოდა. არ მგონია, საუბარი ყოფილიყო სპორტის განვითარებაზე და არც მეათეხარისხოვან თემებზე. ჩვენი მთავარი გამოწვევა ისევე, როგორც რეგიონის და მთელი მსოფლიოს, ომია, სადაც რუსეთია აგრესორი და უკრაინის ტერიტორიებს იპყრობს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა: „ ბიძინა ივანიშვილმა როგორც დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, შეხვედრებზე არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ან „შანტაჟზე“.

მსგავსი