ირაკლი ზარქუა - ევროკავშირის ელჩმა მორიგი შეცდომა დაუშვა, როგორც სააკაშვილთან დაკავშირებით სამარცხვინოდ წარმოჩინდნენ პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიურად გვაქვს საქმე მეორე დემარშთანაც
ირაკლი ზარქუა - ევროკავშირის ელჩმა მორიგი შეცდომა დაუშვა, როგორც სააკაშვილთან დაკავშირებით სამარცხვინოდ წარმოჩინდნენ პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიურად გვაქვს საქმე მეორე დემარშთანაც

ვინც ჰყავს ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი, როგორც პირველ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანა და სამარცხვინოდ წარმოაჩინა პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიურად გვაქვს საქმე მეორე დემარშთან დაკავშირებითაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა.

„მე მგონი, რომ ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა, რადგან, როგორც იცით, ეს დემარში ნომერი ორია. პირველს შეგახსენებთ, როდესაც სააკაშვილთან დაკავშირებით ხელი მოაწერინეს ელჩებს. არ ვიცი, სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს ამ ქმედებებს და შემოატანინეს ეს განცხადება დემარშის, სადაც ეწერა, თურმე სააკაშვილს წამლავს ხელისუფლება, არ აძლევს რეაბილიტაციას, ცუდ პირობებში ამყოფებს და ექვემდებარება გადაყვანას სხვა ქვეყანაში. გახსოვთ თქვენ ამ პირველი დემარშის შინაარსი. მერე რა მივიღეთ? სტრასბურგის სასამართლომ თქვა, არც მოწამლული არ არის და სააკაშვილის არათუ ქვეყნიდან გაყვანის, არამედ კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანის საფუძველიც არ არსებობსო. ანუ, ამით ის პირველი დემარში გააქარწყლა და თქვა, რომ შეცდომაში ხართ შეყვანილიო.

რაც შეეხება მეორე დემარშს, შემოიტანეს განცხადება და მისი სულისკვეთება რა არის, რომ ე.ი. ჩვენს მოქალაქეებს, ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, მიეცეთ შესაძლებლობა ვიზის გარეშე, დამატებითი ხარჯების გარეშე დაბრუნდნენ სამშობლოში და ჩვენ გვთხოვენ, რომ სანქციები დავუწესოთ? ეს არის არსი? აბა, დანარჩენი რუსეთის მოქალაქეები ისედაც შემოდიან ლარსიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან. პრობლემა რაშია? ვინც ჰყავს ამ ყველაფერს ერთი დირიჟორი, როგორც პირველ შემთხვევაში შეცდომაში შეიყვანა და სამარცხვინოდ წარმოაჩინა პირველი დემარშის ავტორები, ანალოგიურად გვაქვს საქმე მეორე დემარშთან დაკავშირებითაც. საფუძველი არ არსებობს. ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციებს არ დავაწესებთ. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები პირველი საზრუნავია, ამას ჩვენ აქამდეც ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ“, – განაცხადა ზაქრუამ.

გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“.