ირაკლი ზარქუა - ერთი-ერთში ჯდება რუსეთის ინტერესებში ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი აკეთებდნენ, ეს თქვა გიული ალასანიამ, სააკაშვილის ჩამოსვლას რუსეთი როგორ მიიღებსო
ირაკლი ზარქუა - ერთი-ერთში ჯდება რუსეთის ინტერესებში ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი აკეთებდნენ, ეს თქვა გიული ალასანიამ, სააკაშვილის ჩამოსვლას რუსეთი როგორ მიიღებსო

კომპრომატებით ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გიული ალასანიას ჩანაწერი. თავად მათაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ „ქართული ოცნება“ არ არის რუსული ოცნება და ამას ამბობს გიული ალასანიაც. მადლობა მას ასეთი სიმართლისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქართული ინტერესების დამცველი გუნდია.

„ჩანაწერიდან ჩანს, თურმე სააკაშვილის გადაადგილება შეთანხმებული უნდა იყოს რუსეთთან და ის აკვირდება, რამდენად მოეწონებათ და თანხმობას მისცემენ თუ არა. თურმე ერთ-ერთი არხი მარაგდება „კაგებეს“ მიერ. ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამაზე უარი თქვეს. ვთქვათ, გიული ალასანია ავთენტურობისთვის ადგილობრივ ორგანიზაციებს არ ენდობა, საერთაშორისოს მიმართოს. იმასაც არ ენდობა? რაც თქვა, მისი აზრია. კი ბატონო, ნამდვილად ასეა, ჩვენც ვუდასტურებთ, რაც თქვა, სწორია. ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთი-ერთში ჯდება რუსეთის ინტერესებში ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი აკეთებდნენ. სწორედ ეს არ თქვა? საქართველოში სააკაშვილის ჩასვლას რუსეთი როგორ მიიღებსო. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას არ ვუთანხმებთ, მით უმეტეს, მტერს და ოკუპანტს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.