ირაკლი ზარქუა - თამარ ჩერგოლეიშვილს უცნაური, დამაფიქრებელი განცხადება ჰქონდა, ვისურვებდი, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ამაზე კომენტარი გაეკეთებინათ
ირაკლი ზარქუა - თამარ ჩერგოლეიშვილს უცნაური, დამაფიქრებელი განცხადება ჰქონდა, ვისურვებდი, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლებს ამაზე კომენტარი გაეკეთებინათ

აღიარება ჰქონდა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს, სადაც თქვა, რომ თურმე უნგრეთის სამართლიანად, ობიექტურად, ღიად, საჯაროდ არჩეულ ხელისუფლებას სოროსი და ევროკავშირი ებრძვის, რომ ჩამოაგდოს და წააგეს ეს ბრძოლაო. ძალიან უცნაური განცხადება იყო, საკმაოდ მკაცრი, დამაფიქრებელი. ვისურვებდი, ევროპარლამენტის შესაბამის წარმომადგენლებს ამაზე კომენტარი გაეკეთებინათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროპარლამენტი ალბათ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს გააკეთებს.

„ჩერგოლეიშვილმა უნგრეთის არჩეული ხელისუფლების ჩამოგდებაში დაადანაშაულა ევროპარლამენტი და ევროპელი მეგობრები. იმედია, ამაზე კომენტარს გააკეთებენ. რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულებს, როგორიც გვყავს გიჟი ჯაფარა, ვაშაძე, რუსული ფულით რომ ფინანსდება, ქალბატონი ხოშტარია, „ველიკალეპნანია ტროიკა“ რომ დავარქვათ, რა უნდა ქნან? მკვდარი მკვდარს აეკიდაო, რა უნდა გააკეთონ? ხელმოცარულები იყვნენ პარლამენტშიც და ამიტომაც დატოვეს, გარეთ რა უნდა ქნან? კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, როგორც გადააბიჯებენ და ჩვენს ახალგაზრდებს ან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანენ, ვითომ რევოლუციას ამზადებდნენ, მერე მიატოვეს, მიაგდეს ის ახალგაზრდები, გვერდზე გადგნენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, პასუხს აგებენ, რადგან ამ ქვეყანას არ სჭირდება ქაოსში და რევოლუციურ სცენარებში შესვლა, ამის საფუძველი არ არსებობს. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, სჭირდება, რომ მეორე ფრონტში გარკვეულმა ძალებმა არ შეიყვანონ, მათ შორის შიდა მავნებლებმა. ჩვენ ამ ფონს გავალთ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად. ვერ ეღირსებით, რომ ქვეყანა არიოთ, რადგან ამ ქვეყნის ინტერესშია ევროინტეგრაცია, ის, რომ 12-ვე პუნქტი შევასრულოთ და მმართველი გუნდი ამას ასრულებს, ამ ქვეყნის ინტერესშია მშვიდობიანი განვითარება“, – განაცხადა ზარქუამ.

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „დიდი გაერთიანება ორბანის წინააღმდეგ კეთდებოდა ევროკავშირისა და სოროსის პატრონაჟით, უიდეო ერთობა კრახით დასრულდა, ორბანს თითქმის საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს“.