ირაკლი ზარქუა - დრამატიზმისა და სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, სააკაშვილის უცხო ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი არ არსებობს, დაველოდოთ, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს
ირაკლი ზარქუა - დრამატიზმისა და სარეკლამო კამპანიის მიუხედავად, სააკაშვილის უცხო ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი არ არსებობს, დაველოდოთ, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს

პოლიტიკური ფასი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წელს ქართველი ხალხის უმრავლესობის წინაშე გადაიხადა, როცა სამარცხვინოდ და კუდამოძუებულნი გაიქცნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხელი შემოდგომა საკუთარ პარტიაში მიიღო.

„მათი პარტიის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანა დატოვა და დღემდე ისე არიან, რომ ქვეყანას ცხელ შემოდგომას უწყობდნენ და საკუთარ პარტიაში მიიღეს. დრამატიზმის, სარეკლამო კამპანიისა და რთული სურათის დახატვის მცდელობის მიუხედავად, პენიტენციური სისტემა აღჭურვილია შესაბამისი სამედიცინო სერვისებით და სააკაშვილის უცხო ქვეყანაში გადაყვანის საფუძველი არ არსებობს. დაველოდოთ, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. 2012 წლამდე არსებული სიტუაციისგან განსხვავებით, ჩვენი პენიტენციური სისტემა აღჭურვილია, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა პატიმარს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს და შესაბამისი სერვისი მიეწოდოს“, – განაცხადა ზარქუამ.

დეპუტატის განცხადებით, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიზებულ ექიმებს არ მოუსმენს.

„ლაბორატორიული მასალა, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა, მანიპულაციის კარგად დაგეგმილი სპექტაკლი იყო, სადაც მითითებული იყო დოზები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი დასაშვებ ზღვარში იყო. სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზება იყო, რომ ანალიზს აუღებდნენ, რაზეც უარი თქვა. შემდეგ თითქოს შეთანხმებული იყო ფრჩხილისა და თმის ანალიზის ჩატარება, რაც ბოლო მომენტში გადაიფიქრეს. ისეთი პენიტენციური სისტემა გვაქვს, სადაც ნებისმიერ პატიმარს სერვისების მიღება შეუძლია. კერძო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობაც არსებობს. ვენდობი სასამართლო სისტემას, ექიმებს, მათ მოვუსმენთ და არა პოლიტიზებულ ექიმებს. ჩვენთვის მარიამ ჯიშკარიანი ექიმი არ არის, ის არის ჩვეულებრივ მიკერძოებული ადამიანი. მგონი, „ხაბეზე“ უფრო მეტი „ნაცია“ თავისი გამომეტყველებით, საუბრის მანერით, სიტყვებით. ჩვეულებრივი ნაცაქტივისტია. მაპატიეთ, მაგრამ მომეცით უფლება, რომ მისი არ დავიჯერო“, – განაცხადა ზარქუამ.